მზის მიმდებარე სივრცეში აფეთქებულმა ვარსკვლავებმა შეიძლება სულ მცირე ორი მასობრივი გადაშენება გამოიწვიეს დედამიწაზე.

ესპანეთის ქალაქ ალიკანტეს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ასტროფიზიკოს ალექსის კინტანას ხელმძღვანელობით, ირმის ნახტომში სუპერნოვას აფეთქებების სიხშირის ანალიზი ჩაატარა. ასე დადგინდა მათი დროში დამთხვევა გვიანდელი ორდოვიციული პერიოდის და გვიანდელი დევონური სისტემის გადაშენებებთან; ამ გამანადგურებელმა მოვლენებმა დედამიწაზე სიცოცხლის უდიდესი ნაწილი მოსპო.

ჩვენს პლანეტაზე სულ ხუთი დიდი გადაშენება მოხდა. მათი გამომწვევი მიზეზები ბოლომდე ცნობილი არ არის.

„სუპერნოვას აფეთქებები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი აფეთქებებია მთელ სამყაროში. თუკი მასიური ვარსკვლავი დედამიწის სიახლოვეს აფეთქდება, შედეგები გამანადგურებელი იქნება სიცოცხლისთვის. ჩვენი კვლევა მიუთითებს, რომ ასეთი რამ შეიძლება უკვე მოხდა. გამოვიანგარიშეთ დედამიწის სიახლოვეს მომხდარ სუპერნოვათა მაჩვენებელი და დავადგინეთ, რომ ის ემთხვევა ჩვენს პლანეტაზე მომხდარ იმ მასობრივ გადაშენებათა მაჩვენებლებს, რომლებიც გარე ძალებთან, მაგალითად, სუპერნოვებთან უნდა იყოს დაკავშირებული“, — განმარტავს ბრიტანეთის კილის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ნიკ რაიტი.

სუპერნოვა სიცოცხლის ციკლის ჩვეულებრივი ნაწილია ვარსკვლავებისა, რომლებიც ჩვენს მზეზე რვაჯერ და მეტჯერ მასიურები არიან. დიდი ვარსკვლავები შედარებით ცოტა ხანს ცოცხლობენ — მათი სიცოცხლე მილიონობით წელს ითვლის და არა მილიარდობით წელიწადს, როგორც უფრო პატარა ვარსკვლავების.

მას შემდეგ, რაც ბირთვში სინთეზისთვის საჭირო საწვავს ამოწურავენ, ეს ვარსკვლავები არასტაბილურები ხდებიან და ბოლოს ფეთქდებიან — სინათლისა და ენერგიის ამოფრქვევების სახით კოსმოსში აფრქვევენ სინთეზის შედეგად წარმოქმნილ ლითონურ პროდუქტებს.

ასეთი აფეთქება რომ დედამიწასთან საკმარისად ახლოს მოხდეს, შედეგები ფრიად გამანადგურებელი იქნება — ჩვენს პლანეტას მძლავრი რადიაცია გადაუვლის, რომელიც მას ოზონის შრეს გააცლის. შედეგად კი გაიზრდება ულტრაიისფერი რადიაცია, რაც ზედაპირამდეც მოაღწევს და გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს პლანეტის ეკოლოგიას.

ორდოვიციული და დევონური გადაშენებები დაახლოებით 445 მილიონი და 372 მილიონი წლის წინ მოხდა. თითოეულმა მათგანმა იმ დროს დედამიწაზე არსებულ სახეობათა უდიდესი ნაწილი მოსპო. ორივე მათგანი ასევე დაკავშირებული იყო ოზონის შრის მნიშვნელოვან გამოლევასთან, რამაც გააჩინა სპეკულაციები, რომ ამ მოვლენებში შეიძლება სწორედ სუპერნოვები იყო ჩართული.

ვრცლად პირველ არხზე