ენერგოინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანია „ბემონის“ მმართველო პარტნიორის გიორგი მირცხულავას განცხადებით, „უმნიშვნელოვანესია, საქართველომ „ნამახვანჰესის“, „ხუდონჰესის“ და „ნენსკრაჰესის“ დაძვრა შეძლოს“.

ამის შესახებ გიორგი მირცხულავამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ 2024 წელს საქართველოს ენერგეტიკაში განხორციელებული 126 მილიონი დოლარის პირდაპირ უცხოური ინვესტიციების კომენტირებისას განაცხადა.

„ენერგეტიკა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია დარგია, რომელსაც შეუძლია უდიდესი ინვესტიციების შემოტანა. 126 მლნ დოლარი იყო შარშან FDI საქსტატის თანახმად, მაგრამ

სამი პროექტი - „ნამახვანი“, „ნენსკრა“, „ხუდონი“ რომ განხორციელდეს, უკვე ნიშნავს 5-6 მლრდ დოლარის ინვესტიციას და უმნიშვნელოვანესია, ქვეყანამ შეძლოს ამ სამი პროექტის დაძვრა და მათთან ერთად, განავითაროს სხვა პროექტები. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, უარი ვთქვათ ასეთ დიდ პროექტებზე; მით უმეტეს, ეს სამი პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია და ამავე დროს, ქვეყნის ინვესტიციების მოზიდვის უებარი მექანიზმია“, - განაცხადა „ბემონის“ მმართველმა პარტნიორმა.

„წერტილთან“ ინტერვიუში გიორგი მირცხულავამ ენერგეტიკის მხარდამჭერ მექანიზმებზე საუბრისას, კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასა CFD მექანიზმის ამოქმედება.

„CFD-ს მექანიზმი რომ არ აღდგენილიყო, ენერგეტიკაში FDI 126 მილიონი დოლარიც არ იქნებოდა. გასაგებია, რომ TOP-ინვესტორების სიაშია „თელასი“, „ენერგო პრო ჯორჯია“ და ვიცით, რა მიმართულებით ახორციელებენ ისინი ინვესტიციებს, მაგრამ 2024 წელი ენერგეტიკისთვის საინტერესო იყო - მაგალითად, ექსპლუატაციაში შევიდა „ხობი ჰესი“.

წელს, „ბემონი“ ასრულების „კასლეთი ჰესის“ მშენებლობას. იმედი მაქვს, რომ მარტ-აპრილში, ჰესი ამოქმედებასთან ახლოს იქნება ახლოს, რადგან უამინდობის და დიდთოვლობის გამო, 1.5 თვე სამუშაოები შეჩერებული გვქონდა, მაგრამ ეს პროექტები ზღვაში წვეთია [ენერგეტიკაში] და საინტერესოა, დიდი პროექტების განხორციელება.

ჰიდრო და სხვა პროექტების აზვირთებულმა ტალღამ უნდა შეძლოს გარღვევა ეკონომიკაში, რომლის დიდი მონაწილე იქნება ენერგოსექტორი. საბანკო და სადაზღვევო სექტორის გადასწრება ძალიან ძნელია, მაგრამ უახლეს 7-8 წელიწადში ენერგეტიკა უნდა იყოს ქვეყანაში პირველ ადგილზე”, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

საქართველოს ენერგოპოტენციალზე საუბრისას გიორგი მირცხულავამ შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და თქვა, რომ გაზის და ნავთობის სფეროში განხორციელებული პროექტებისგან განსხვავებით, შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტში საქართველოს აქვს დიდი შანსი იყოს ელექტროერნერგიის ექსპორტიორი და არა მხოლოდ ტრანზიტორი ქვეყანა.

„იმედი მაქვს, ეს პროექტიც იქნება დიდი ბიძგი შიდა ენერგეტიკის განვითარებისთვის“, - დასძინა „ბემონის“ მმართველმა პარტნიორმა.

“ბემონი” ბაზარზე 2017 წლიდანაა და კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ააშენოს და დააპროექტოს ჰიდროელექტროსადგურები, მზისა და ქარის ელექტროსადგურები, მაღალი ძაბვის საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები. ასევე, ინდუსტრიული და საინჟინრო ნაგებობები.

bm.ge