სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასება განაახლა და ქვეყნის რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. ამასთან, სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba2 დონეზე უცვლელად შეინარჩუნა.

სააგენტოს შეფასებით, გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს საქართველოს ძლიერი ეკონომიკური და ფისკალური მდგომარეობა, რომელმაც საერთაშორისო გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური რისკების მიუხედავად მდგრადობა შეინარჩუნა.

Moody’s-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყნის მყარმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა მნიშვნელოვნად შეამსუბუქა გეოპოლიტიკური გარემოდან მომდინარე რისკები. სააგენტო ასევე დადებითად აფასებს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელებას, რაც, მათი შეფასებით, აძლიერებს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას და ეკონომიკას საგარეო შოკების მიმართ უფრო მდგრადს ხდის.

Moody’s-ის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 6.4%-ით, ხოლო 2027 წელს 5.5%-ით გაიზრდება. ამასთან, მთავრობის ვალის მოცულობა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შემცირდება და მშპ-ის დაახლოებით 30%-ს მიუახლოვდება.

სააგენტოს შეფასებით, ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორები მოხმარება და ინვესტიციები იქნება, რაც ვალის გონივრულ მართვასთან ერთად ფისკალური მდგრადობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია ტურიზმის სექტორის ზრდა და ვიზიტორების ბაზრის დივერსიფიკაცია.

Moody’s განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სტრატეგიულ როლზე, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვან სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ჰაბზე, რაც ხელს უწყობს ვაჭრობის დივერსიფიკაციასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. სააგენტო ასევე დადებითად აფასებს ქვეყანაში განხორციელებულ ფისკალურ და მონეტარულ რეფორმებს.