სოფლის განვითარების სააგენტომ მცხეთაში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
საინფორმაციო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თეიმურაზ ბექაური, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე ფერმერები და მეწარმეები ესწრებოდნენ.
„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის წინაპირობა ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაციაა. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც სოფლის განვითარების სააგენტოს ცენტრალურ ოფისში, ასევე მუნიციპალურ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში.“- აღნიშნა ზურაბ გოზალიშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ახალი „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ მიზნების, დაფინანსების პირობებისა და მონაწილეობის კრიტერიუმების შესახებ.
პროგრამა 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება და აგროსექტორის სხვადასხვა მიმართულების მხარდაჭერას ითვალისწინებს. სახელმწიფო თანადაფინანსება პროექტის ღირებულების 50%-მდეა განსაზღვრული, ხოლო თითო პროექტზე მაქსიმალური დაფინანსება 2 მილიონ ლარს შეადგენს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის, მაღალმთიან დასახლებებსა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში განხორციელებული პროექტებისთვის თანადაფინანსების ოდენობა 55% -ია.
„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ მიზანია აგროსექტორში თანამედროვე, ეფექტიანი და კლიმატურ პირობებთან ადაპტირებული ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა.
სოფლის განვითარების სააგენტო პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აგრძელებს, რათა დაინტერესებულ პირებს პროგრამის შესაძლებლობებისა და მონაწილეობის პირობების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს.
ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს