საქართველოში სატრანზიტო ტვირთების მოცულობა 2018-2025 წლებში 109%-ით გაიზარდა. ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს სატრანზიტო ტვირთნაკადებსა და შუა დერეფნის დინამიკას მიმოიხილავს.

კვლევის მიხედვით, საქართველოში სატრანზიტო ტვირთების რეკორდული მოცულობა 2024 წელს დაფიქსირდა და 15.1 მილიონი ტონა შეადგინა. 2025 წელს კი ქვეყანაში 13.7 მილიონი ტონა სატრანზიტო ტვირთი გაიარა, რაც წინა წელთან შედარებით 9.5%-იანი კლებაა.

ანგარიშის თანახმად, 2025 წელს სატრანზიტო ნაკადების შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტზე ტვირთბრუნვის 7.8%-იანმა კლებამ მოახდინა. მიუხედავად შემცირებისა, ეს მიმართულება საქართველოსთვის კვლავ ძირითად სატრანზიტო გზად რჩება და ქვეყნის მთლიანი სატრანზიტო ტვირთების დაახლოებით 70%-ს მოიცავს.

რაც შეეხება შუა დერეფანს, 2025 წელს ამ მარშრუტით, რომელიც ევროკავშირსა და თურქეთს აზერბაიჯანთან, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთთან აკავშირებს, 4.6 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა. ეს 2024 წლის მაჩვენებელზე 5%-ით ნაკლებია.

PMC-ის შეფასებით, შუა დერეფანზე ტვირთნაკადების შემცირება ძირითადად ევროკავშირი-აზერბაიჯანის მიმართულების 41%-იანი და ევროკავშირი-ცენტრალური აზიის მიმართულების 13%-იანი კლებამ განაპირობა.

ამასთან, გარკვეულ მარშრუტებზე ზრდა დაფიქსირდა. კერძოდ, თურქეთი-ცენტრალური აზიის მიმართულებით გადაზიდვები 21%-ით, ხოლო თურქეთი-აზერბაიჯანის მიმართულებით 4%-ით გაიზარდა.

2025 წელს საქართველოში სატრანზიტო გადაზიდვებში კვლავ საავტომობილო ტრანსპორტი დომინირებდა. საავტომობილო გზებით 7.5 მილიონი ტონა, ანუ მთლიანი სატრანზიტო ტვირთების 55% გადაიზიდა. სარკინიგზო ტრანსპორტზე კი 6.2 მილიონი ტონა, მთლიანი მოცულობის 45% მოდიოდა.

ანგარიშის მიხედვით, 2018-2025 წლებში საქართველოში საავტომობილო ტრანზიტის მოცულობა 124.7%-ით გაიზარდა, სარკინიგზო გადაზიდვების კი — 93.2%-ით.