საქართველოს საავტომობილო გზაზე, სადაც მრავალი ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი გადაადგილდება, ხშირად წააწყდებით გვერდულაზე გაჩერებულ სატვირთო მანქანების რიგს. ასეთი რიგები ხშირ შემთხვევებში გზებზე მოძრავი მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას, შეზღუდულ მხედველობას, საწვავის გაზრდილ მოხმარებას და ჰაერის დაბინძურებას იწვევს – ერთობლიობაში კი საგზაო მონაკვეთებზე დაგროვილი სატვირთო ავტოტრანსპორტი საავარიო სიტუაციებს ქმნის, - ამის შესახებ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ წერს.
მათი თქმით, პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია, ქვეყანაში არსებობდეს წინასწარ დამტკიცებული სატვირთო ავტოტრანსპორტის საპარკინგე არეალების განთავსების სქემა.
წინასწარ დადგენილი საპარკინგე ადგილების მიხედვით, კერძო ბიზნესისთვის შეთავაზებული უნდა იქნეს საინვესტიციო წინადადებები, რაც საპარკინგე სივრცეების განვითარებისათვის ევროპაში ფართოდ გავრცელებულ მოდელს წარმოადგენს.
უფრო მეტიც, საქართველო ახლო მომავალში ვალდებული იქნება დანერგოს და სრულფასოვნად აამოქმედოს ევროკავშირში აპრობირებული მძღოლების შრომისა და დასვენების მონიტორინგის სისტემა.
„მონიტორინგის სისტემა ითვალისწინებს გადაბმული მოძრაობის დროის ამოწურვის შემდგომ, გარკვეული ინტერვალით სატრანსპორტო საშუალების საპარკინგე სივრცეში გაჩერებას და მხოლოდ დასვენების შემდეგ მოძრაობის გაგრძელებას. ამ მიზნისთვის აუცილებელია ქვეყნის საავტომობილო გზების განფენილობაზე სატვირთო ტრანსპორტისთვის საპარკინგე სივრცეების შექმნა.
ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ისმის კითხვა:
არსებობს კი სახელმწიფოს მიერ წინასწარ შემუშავებული საპარკინგე არეალების განთავსების სქემა?
იგეგმება თუ არა, ან როდის, აღმოსავლეთ–დასავლეთ ავტობანზე მძღოლებისთვის განკუთვნილი სერტიფიცირებული საპარკინგე არეალების მოწყობა?
საპარკინგე არეალების არარსებობის პირობებში რამდენად გამართლებული იქნება მძღოლებს მოვთხოვოთ კანონით დადგენილი შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა?
საპარკინგე არეალების როგორი სტანდარტები არსებობს ევროკავშირის ქვეყნებში?
ვინ უნდა განახორციელოს საპარკინგე ადგილების სერტიფიცირება?
რა პრობლემებს აწყდებიან დაცულ და დაუცველ საპარკინგე არეალებში საერთაშორისო გადამზიდველები?
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც საავტომობილო გადამზიდავებმა უნდა გაითვალისწინონ: საქართველოს ტერიტორიაზე საპარკინგე არეალების არარსებობის გამო გადამზიდველი არღვევს შრომისა და დასვენების მონიტორინგის წესებს. ევროპულ სივრცეში მოხვედრის შემთხვევაში სატრანსპორტო პოლიციის მხრიდან მარტივად შეიძლება დაჯარიმდეს იმის გამო, რომ მან გადაზიდვისას საქართველოს ტერიტორიაზე დაარღვია შრომისა და დასვენების წესები.
საქართველოს ტერიტორიაზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სადღეისოდ მხოლოდ ერთი, სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის განკუთვნილი პარკირების ადგილი Trucks Parking Central ფუნქციონირებს, რაც ქვეყნის მასშაბისათვის საკმარისი არ არის.

გვინდა გარკვეული პარალელი გავავლოთ ევროკავშირთან. რა მდგომარეობაა ევროკავშირის სივრცეში?
ევროკავშირში კრიტიკული სიტუაცია ფიქსირდება სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლებისთვის საკმარისი საპარკინგე ადგილების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
ევროკომისიის მიერ მომზადებული ბოლო ანგარიშის თანახმად, სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის განკუთვნილი საპარკინგე ადგილების მხოლოდ ერთი პროცენტი შეესაბამება უსაფრთხოების მოთხოვნებს და მთლიანობაში მათი ინფრასტრუქტურა არ აკმაყოფილებს ინდუსტრიის ამჟამინდელ მოთხოვნებს.
ევროკომისიის ცნობით, ამჟამად ევროკავშირში 5 ათასამდე სერტიფიცირებული უსაფრთხო საპარკინგე ავტოსადგომია, ხოლო საჭირო რაოდენობა 395 ათასს შეადგენს.
საპარკინგე სადგომების დეფიციტი თითქმის 390 ათასს აღწევს, ამასთან, გადაზიდვის მოცულობის ზრდასთან ერთად, ასეთ ავტოსადგომებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.
პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ბელგიის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ნიდერლანდებისა და პორტუგალიის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო არტერიებზე.
უსაფრთხო პარკირების არარსებობა პირდაპირ გავლენას ახდენს მძღოლების უსაფრთხოებაზე. კვლევების თანახმად, გადამზიდავების 85% საწვავის მოპარვის, ავტომობილის ძარცვის ან ძარცვის მცდელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელების TEN-T-ის რეგულაციაში შეტანილი ცვლილებები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს, 2040 წლისთვის უზრუნველყონ უსაფრთხო პარკირების ადგილების არსებობა ძირითადი საგზაო ქსელში ყოველ 150 კმ-ში.
სადღეისოდ ევროკავშირის სივრცეში 50 ასეთი პროექტი ხორციელდება 4 600 დამატებითი საპარკინგე ადგილის შესაქმნელად, რაც აშკარად არასაკმარისია.
ამ თვალსაზრისით, ევროკომისია მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, აქტიურად განავითარონ საპარკინგე ინფრასტრუქტურა ეროვნული სატრანსპორტო სტრატეგიების ფარგლებში და გააძლიერონ თანამშრომლობა ბიზნესთან.
დაცულ, მაღალი ხარისხის ავტოსადგომზე ღამის გასათევი პარკირების ღირებულება 15–35 ევროს ფარგლებში მერყეობს, რაც გადამზიდავებისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთს წარმოადგენს.
ევროკომისიის ბოლო ანგარიში ასევე მიუთითებს დიგიტალიზაციის არასაკმარისობაზე. გადამზიდავი კომპანიების მხოლოდ მეოთხედი ენდობა ხელმისაწვდომობის ინფორმაციას, ხოლო სადგომებზე წინასწარი დაჯავშნის სისტემები ფრაგმენტულია და ცუდად ინტეგრირებულია. ევროკომისიის მიერ შემოთავაზებულია დაჯავშნის საერთო ევროპული დიგიტალიზაციის პლატფორმის შექმნა.
განსახილველი ღონისძიებები პირველ რიგში მოიცავს არსებული პარკირების ობიექტების დაჩქარებულ მოდერნიზაციას, დამატებითი სერტიფიცირების დონეების დანერგვას, ქალი მძღოლებისთვის საპარკინგე სივრცეებში ადეკვატურ მომსახურებას.
მაღალი დონის დაცულ ავტოსადგომზე პარკირების პირობებში განიხილება სატრანსპორტო საშუალების სალონში მძღოლების ყოველკვირეული დასვენების დაშვების შესაძლებლობა.
ევროკომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პრობლემის მოგვარება წევრი ქვეყნების მნიშვნელოვანი ინვესტიციების გარეშე შეუძლებელია. უმთავრესი მიზანი 2040 წლისთვის უსაფრთხო პარკირების ზონების ყოვლისმომცველი ქსელის შექმნაა.
ევროკომისია ნათლად ხედავს, რომ სატვირთო მანქანების მძღოლები ევროპული ეკონომიკის შემადგენელი ელემენტია და მათ დასვენების გარანტირებული და უსაფრთხო ადგილები სჭირდებათ.
საქართველოს საავტომობილო გზებზე სატვირთო ტრანსპორტისთვის პარკირების ლოკაციების სქემის შემუშავება სახელმწიფოს პრეროგატივას განეკუთვნება. საავტომობილო ტრანსპორტის ინტენსივობის გათვალისწინებით აუცილებელი იქნება სათანადო კვლევის ჩატარება.
სატრანსპორტო დერეფნის უსაფრთხოდ გასავლელად სატვირთო ტრანსპორტისთვის აუცილებელი იქნება, პირველ ეტაპზე, აღმოსავლეთ–დასავლეთ ავტობანის გასწვრივ მინიმუმ ორი სერტიფიცირებული საპარკინგე არეალის მოწყობა“, - წერს TCRC.