ცოტა ხნის წინ საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და ინდურ კომპანია "ჰინდუსტან სილიჩენ პრაივატ ლიმიტედს" შორის პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება გაფორმდა. მოლოდინებზე, საქართველოში ნავთობის მოპოვების პერსპექტივებსა თუ ისტორიულ პერიპეტიებზე "კვირის პალიტრას" საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, გეოლოგი ალექსანდრე თვალჭრელიძე ესაუბრა.
- ბატონო სანდრო, საუბარი უშუალოდ ინდურ კომპანიასთან კონტრაქტით დავიწყოთ.
- ამას ჰქვია სანავთობო კონტრაქტები, ტიპური კონტრაქტია, მსოფლიოში ასეთი კონტრაქტები იდება სახელმწიფოსა და კომპანიას შორის… და გულისხმობს ორ რამეს - მოპოვებული ნავთობის წილების განაწილებას სახელმწიფოსა და კომპანიას შორის, და საგადასახადო შეღავათებს კომპანიისთვის. ეს ხელშეკრულებები აუცილებლად უნდა იქნეს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული.
- საქართველოში სად შეიძლება იყოს ნავთობი? რისი იმედით მოდიან?
- არსებობს რამდენიმე ადგილი, სადაც არის ნავთობი. პირველია ე.წ. მტკვრის დეპრესია და თავის დროზე დიდი საბადო იყო სართიჭალის საბადო, მაგრამ მტკვრის დეპრესია როგორც კი ვიწროვდება აზერბაიჯანიდან საქართველოს მიმართულებით, ისევე ზუსტად პროპორციულად იკლებს ნავთობის მარაგი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. მეორეა რიონის დეპრესია, მაგრამ ისიც პატარაა. ძირითადი არეალი, სადაც შეიძლება ნავთობი იყოს, სადაც მე ვთვლი, რომ დაახლოებით 20 მილიარდი ტონა ნავთობია, ეს არის შავი ზღვის შელფური ზონა.
თავის დროზე მიმდინარეობდა ნავთობის ძებნა და იყო შემოსული ამერიკული კომპანია "ანადარკო", რომელმაც ჩაატარა სამგანზომილებიანი გეოფიზიკური სამუშაოები, შემოჰქონდა საბურღი პლატფორმა... ეს უზარმაზარი პლატფორმაა, რომელიც აკვატორიაში ბურღვის შესაძლებლობას იძლევა, ძალიან ძლიერია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა ეს კომპანია, ფაქტობრივად, გააგდო საქართველოდან რამდენიმე მიზეზის, მათ შორის ვიწრო ფინანსური ინტერესების გამო. არ მიაქცია ყურადღება, რომ კომპანია "ანადარკო" მიეკუთვნებოდა მსხვილ კომპანიებს, რომელთა შორის ჯენტლმენური კორპორაციული შეთანხმება მოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ თუ შენ ერთ კომპანიას დააზარალებ, არც ერთი სხვა კომპანია შენთან საქმეს არ დაიჭერს. ძალიან უნდოდა საქართველოს ამერიკულ კომპანიასთან დაედო კონტრაქტი, მაგრამ არც ერთი ამერიკული კომპანია საქართველოში აღარ შემოვიდა და იძულებული გახდნენ, მეორე რანგის კი არა, მეათე რანგის კომპანიასთან დაედოთ ხელშეკრულება. ჯერ ავსტრიულ პატარა კომპანიასთან გააფორმეს შეთანხმება, შემდეგ აგერ, ინდურ კომპანიასთან. ასე რომ, ამ თვალსაზრისით სააკაშვილმა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა საქართველოს სანავთობე ბიზნესს.
- "ფრონტერა" რომ მუშაობდა, მაშინ რა ხდებოდა?
- თქვეს, აღმოვაჩინეთ საბადო 500 მილიონი ტონაო, ამდენი საერთოდ არ ეტეოდა მთელ კახეთში, ვინმეს რომ მოცულობა დაეთვალა, რომელსაც 500 მილიონი ტონა ნავთობი იკავებს. სამაგიეროდ, ასწიეს თავისი აქციების კაპიტალიზაცია ბაზარზე და მოიგეს თანხა. "ფრონტერა" სუფთა ლობისტური კომპანიაა, რომელსაც ლობირებდნენ აშშ-ის კონგრესისა და სენატის წევრები და იქიდან თავის წილ ლუკმაპურს იღებდნენ. შემიძლია ვთქვა "ფრონტერაზე", რომ ზიანის მეტი არაფერი გაუკეთებია საქართველოსთვის.
- თუმცა ბოლომდე არ გადის ქვეყნიდან...
- ვერც გავა, ისე არის ხელმოწერილი ხელშეკრულება, მაგრამ რაც დრო გავა, ნაკლები და ნაკლები მნიშვნელობა ექნება ამ კომპანიას.
- კონკრეტული გეგმები ინდური კომპანიის VIIB ბლოკში: დაგეგმილია შვიდი მოქმედი ჭაბურღილის დაღრმავება-გაბურღვა და ორი ახალი საძიებო ჭაბურღილის ბურღვა - ეს "ბევრია" თუ "ცოტა"?
- ცოტაა. სანამ არ დაიწყება ნორმალური ბურღვა საქართველოს შელფის ზონაში (შავი ზღვის)... თუ შელფს გავბურღავთ, სამჯერ მეტი რესურსი გვექნება, ვიდრე აზერბაიჯანს აქვს.