ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტი წარმატებული შედეგებით დასრულდა, რაც დადებითად აისახება საქართველოსა და ჩინეთის ეკონომიკური კავშირების შემდგომ განვითარებაზე, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა უმაღლესი დონის შეხვედრები ჩინეთის სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

მარიამ ქვრივიშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ჩინეთის ეროვნული რეფორმებისა და  განვითარების კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე, რომლის დროსაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩამოყალიბდება ინვესტიციების მოსაზიდად საქართველო-ჩინეთს შორის დიალოგის მექანიზმი, რაც ხელს შეუწყობს ჩინეთიდან ინვესტიციების განხორციელებას.

„კომერციის მინისტრთან ერთად ხელი მოვაწერე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებულ ვერსიას, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და გაამყარებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. გარდა ამისა, მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება მთავრობათაშორისი ფორმატი, რომელიც უზრუნველყოფს უმსხვილესი ინვესტიციების მოზიდვის, ისევე, როგორც სტრატეგიულ პროექტებში ჩინური კომპანიების ჩართულობის მხარდაჭერას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს