საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების საკითხი კვლავ მწვავედ დგას. ჟურნალ Nature Food-ის კვლევის მიხედვით, მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობა 7 ძირითადი სასურსათო ჯგუფიდან (სახამებლის შემცველი პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები, ხორცი, თევზი, პარკოსნები) სულ მცირე ერთ კატეგორიაში მაინც იმპორტზეა დამოკიდებული.
რეგიონის მასშტაბით, საქართველო სასურსათო დამოუკიდებლობის მხრივ ბოლო ადგილს იკავებს:
-
თურქეთი და რუსეთი: დამოუკიდებლად აწარმოებენ 5 ძირითად პროდუქტს.
-
სომხეთი და აზერბაიჯანი: დამოუკიდებლად აწარმოებენ 4 ძირითად პროდუქტს.
-
საქართველო: 7-დან მხოლოდ 2 ჯგუფში ახერხებს შიდა მოთხოვნის დამოუკიდებლად დაკმაყოფილებას, რითაც მკვეთრად ჩამორჩება მეზობელ ქვეყნებს და სტრატეგიულად იმპორტზე დამოკიდებული რჩება.
„საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, ქვეყანა სრულად მხოლოდ ორი დასახელების პროდუქტით უზრუნველყოფს საკუთარ თავს, დანარჩენ შემთხვევებში კი იმპორტზეა დამოკიდებული.
რაში ვართ თვითკმარები?
მონაცემების თანახმად, 100%-იან ზღვარს მხოლოდ ორი კულტურა აჭარბებს:
ყურძენი – 133%;
თხილი – 115%.
ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ პროდუქტების შემთხვევაში აჭარბებს ადგილობრივი წარმოება შიდა მოთხოვნას ისე, რომ ქვეყანას ექსპორტის რესურსიც რჩება.
სად გვაქვს ყველაზე დიდი დეფიციტი?
განსაკუთრებით საგანგაშოა მდგომარეობა სტრატეგიულ პროდუქტებზე, რომლებიც მოსახლეობის კვების რაციონის საფუძველს წარმოადგენს:
ხორბალი: თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი მხოლოდ 15%-ია. ეს ნიშნავს, რომ პურპროდუქტების წარმოებისთვის საქართველო თითქმის სრულად იმპორტზე (ძირითადად რუსეთზე) არის დამოკიდებული.
ხორცი: ადგილობრივი წარმოება მოთხოვნის მხოლოდ 64%-ს ფარავს. აქედან ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფრინველის ხორცზეა (34%), ხოლო შედარებით მაღალი საქონლის ხორცზე (75%).
ბოსტნეული: მიუხედავად აგრარული პოტენციალისა, ბოსტნეულის თვითუზრუნველყოფა 59%-ს შეადგენს.
რძე და რძის პროდუქტები: მაჩვენებელი 75%-ია.
რეგიონული კონტექსტი და გამოწვევები
კვლევის მიხედვით, მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანი ბევრად უფრო ეფექტურად ახერხებენ ძირითადი პროდუქტების ადგილზე წარმოებას. საქართველოს ჩამორჩენა განპირობებულია აგროსექტორში დაბალი პროდუქტიულობით, მცირემიწიანობით და თანამედროვე ტექნოლოგიების ნაკლებობით. იმპორტზე ასეთი მაღალი დამოკიდებულება ქვეყანას მოწყვლადს ხდის გლობალური შოკების მიმართ. ნებისმიერი გეოპოლიტიკური დაძაბულობა ან საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდა პირდაპირ აისახება ქართველი მომხმარებელზე, რაც ინფლაციის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.