რუსეთმა საწვავის ექსპორტი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც აკრძალა.

21 სექტემბრის განკარგულებით, რუსეთის მთავრობამ ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტზე დროებითი შეზღუდვები შემოიღო. შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა.

გასულ კვირას რუსული მედია წერს, რომ დროებითი აკრძალვა არ ვრცელდებოდა: EAEU-ს ქვეყნებზე (რუსეთის გარდა, ამ გაერთიანებაში შედის - ყაზახეთი, ბელორუსია, სომხეთი და ყირგიზეთი); დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე; საერთაშორისო შეთანხმებებზე; უცხო სახელმწიფოების ტერიტორიებზე განლაგებული რუსული სამხედრო ფორმირებების უზრუნველყოფაზე.

თუმცა 23 სექტემბერს დოკუმენტში ცვლილებები შევიდა და აკრძალვა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონსაც შეეხო.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებს რუსეთის მთავრობის დადგენილებაში შეტანილ ცვლილებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.