„ყველა სახელმწიფო საწარმო სააქციო საზოგადოებად უნდა ფორმირდეს და აქციათა პაკეტის 76% უნდა გადაეცეს საქართველოს მოქალაქეებს“,- ამის შესახებ "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დამფუძნებელმა რამაზ გერლიანმა „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.
მისი თქმით, სახელმწიფო კომპანიების ეფექტურობას მხოლოდ მსგავსი ეკონომიკური პოლიტიკა გაზრდის. როგორც ეკონომისტი ამბობს, შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 1.5 მილიარდი ლარის ხარჯი მოაკლდება, რომელიც სხვა მიმართულებებს შეიძლება მოხმარდეს.
„მათ [მთავრობას] შეუძლიათ სახელმწიფო წილიც დაიტოვოს და დიდი ნაწილი განკერძოვდეს, ამით ეფექტურობა გაიზრდება. სამწუხაროდ, ჩვენ არ მივდივართ იქით, რომ საბაზრო ეკონომიკა დავამკვიდროთ. ეს ბოლო პერიოდში ძალიან კარგად გამოჩნდა. მთელი პრობლემა ეს არის. თუ საბაზრო ეკონომიკა არ გვინდა, მაშინ არავის მოუნდება სახელმწიფო საწარმოების განკერძოება და მისი კერძო სუბიექტებში, მოქალაქეებში განაწილება. ეს პოლიტიკა რჩება ისეთივე მდორე, როგორიც იყო ბოლო 35 წლის განმავლობაში, არაფერი შეცვლილა და როგორც ჩანს, არც ამ ხელისუფლების დროს იცვლება. არადა, ბიზნესი ეფექტიანობით უნდა მსჯელობს და არაპოლიტიკური მიზანშეწონილობით. მთელ მსოფლიოში აღიარებულია, რომ სახელმწიფოს მართვაში არსებული საწარმოები არის არაეფექტიანი, მითუმეტეს ჩვენთვის, როდესაც ყველა მიმართულებით მოვიკოჭლებთ. თანამედროვე მენეჯმენტის არცერთი სიახლე ჩვენთან არ ინერგება, არა თუ სახელმწიფო კომპანიებში, ამ მხრივ კერძო სექტორიც მოიკოჭლებს.
ამიტომ, ამ შემთხვევაში კარგი გადაწყვეტაა, სახელმწიფო საწარმოები განკერძოვდეს. როგორც რკინგიზგა, ისე ყველა სხვა დიდი საწარმო, მათი აქციონირება უნდა მოხდეს და აქციები საქართველოს მოქალაქეებს უსასყიდლოდ უნდა გადაეცეთ. მერე უკვე საფონდო ბარჟაზე ვინ გაამსხვილებს, ვინ ვისგან იყიდის, ეს უკვე მეორე საკითხია. როგორც მსოფლიოში ხდება, შემდეგ საფონდო ბირჟაზე მოხდება ამ აქციათა ბრუნვა.
ამით ჩვენ სახელმწიფოს დიდ ტვირთს ჩამოვხსნით და თან ეფექტიანობა იმდენად გაიზრდება, რომ ახლა რა ეფექტსაც ჯამურად გვაძლევს, მერე სახელმწიფოსთვის დატოვებული 24%-იანი წილი მოგვცემს. ამით, მინიმუმ ბიუჯეტს ჩავხსნით, დაახლოებით, 1.5 მილიარდ ლარს და სხვა რამეში გამოვიყენებთ.
ჩვენ არ ვართ თვითკმარი ქვეყანა, რომ ვიღაცის არასწორი მენეჯმენტის გამო, სახელმწიფოს 1.5 მილიარდი უჯდებოდეს ასეთი საწარმოების შენახვა. თუმცა, პრივატიზაციის შემთხვევაში, ფისკალური ეფექტი მსხვილ ინვესტორებზე გაყიდვიდან კი არ უნდა მივიღოთ, არამედ შემდგომი ეკონომიკური საქმიანობიდან. ამიტომაც, ვამბობ, ყველა სახელმწიფო საწარმო სააქციო საზოგადოებად უნდა ფორმირდეს და აქციათა პაკეტის 76% უნდა გადაეცეს საქართველოს მოქალაქეებს.
სამწუხაროდ, ბანკების მონოპოლიის შემდეგ, ჩვენ ეკონომიკაში ძვირი ფულის გარდა სხვა ფული არ გვაქვს, ბიზნესიც გაჭედილია, ამ ბიზნესს კიდევ კონკურენციაში და კრიჭაში უდგას ეს სახელმწიფო საწარმოები. შედეგად, ძალიან შემცირებულია კონკურენციის არეალი. ეს ყველაფერი კი, იმ პოლიტიკის გატარებით, რომელიც მოგახსენებთ, თავისით დალაგდებოდა“,- ამბობს რამაზ გერლიანი.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს „საქართველოს რკინიგზის“ შემოსავალმა 687 მლნ ლარი შეადგინა (2022 წელს 940 მლნ ლარი ), საიდანაც 600 მლნ ლარი ხარჯი იყო (2022 წელს 543 მლნ ლარი). შედეგად, წმინდა მოგება, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, 397 მლნ ლარიდან 87 მლნ ლარამდე შემცირდა.
გარდა ამისა, „საქართველოს რკინიგზის“ 2024 წლის არააუდირებულ კონსოლიდირებულ ფინანსურ შედეგებზე დაყრდნობით, მენეჯერული ანგარიშიც გამოაქვეყნა. აღნიშნულის მიხედვით, კომპანიის შემოსავალი შარშან 5%-ით გაიზარდა და 656.9 მლნ ლარი შეადგინა. საქართველოს რკინიგზის მოგებამ კი საპროცენტო და ცვეთის ხარჯებამდე (EBITDA) 31%-ით მოიმატა და 221.1 მლნ ლარი შეადგინა. დოკუმენტში განმარტებულია, რომ 2024 წლის წმინდა მოგება 67.9 მლნ ლარია, რაზეც მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა საკურსო ცვლილებით გამოწვეულმა ზარალმა (53.8 მლნ ლარი) განაპირობა.
რაც შეეხება „ელექტროსისტემას“, ანგარიშგების მიხედვით, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, კომპანიის საოპერაციო შემოსავალი შემცირდა. ამასთან, კომპანიის მოგებამ 2023 წელს 364 მლნ ლარი შეადგინა (2022 წელს 539 მლნ ლარი იყო), ხოლო ხარჯმა 279 მლნ ლარი ( 2022 წელს 235 მლნ ლარი იყო). შედეგად, წმინდა მოგება, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, 304 მლნ ლარიდან 85 მლნ ლარამდე შემცირდა.
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ სახელმწიფო კომპანიებში ხელმძღავნელობა შეიცვალა. „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორად დავით ფერაძის ნაცვლად ლაშა აბაშიძე დაინიშნა. ანალოგური ცვლილება განხორციელდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მართვაში არსებულ რამდენიმე ენერგეტიკულ კომპანიაში. საუბარია, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაზე“, „საქრუსენერგოსა“ და „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდზე“. გადაწყვეტილების მიხედვით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ვანო ზარდიაშვილი, „საქრუსენერგოს“ მამუკა მენაღარიშვილი, ხოლო „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“, ვლადიმერ ძნელაძე უხელმძღვანელებენ.