გრაფიკულ პროცესორებსა (GPU) და ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მწარმოებელი ამერიკული კომპანია- Nvidia (NVDA.O) გეგმავს თავისი ხელოვნური ინტელექტის ჩიპის, H20-ის შემცირებული ვერსია ჩინურ ბაზარზე მეტად ხელმისაწვდომი გახადოს,- ამის შესახებ გამოცემა Reuters იტყობინება. 

აშშ-ის მიერ ორიგინალი მოდელის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, ამერიკულმა ჩიპმწარმოებელმა რამდენიმე წამყვანი ჩინური კლიენტი, მათ შორის ღრუბლოვანი გამოთვლების ძირითადი პროვაიდერები, დაკარგეს ახლა კი ისინი ჩინელი მომხმარებლების დაბრუნებას ცდილობენ. წყარო იუწყება, რომ NVDA-მ ჩინელი მყიდველების ნაწილი უკვე გააფრთხილა, რომ შეცვლილი H20 ჩიპის გამოშვებას ივლისში აპირებენ. 

ჩინეთი Nvidia-სთვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ბაზარია, 2024 წელს კომპანიამ ჩინეთიდან $17 მილიარდი გამოიმუშავა, რაც მისი საერთო გაყიდვების დაახლოებით 13%-ს შეადგენს.

ორიგინალი H20 ჩიპი, რომელიც Nvidia-ს ყველაზე ძლიერი ხელოვნური ინტელექტის ჩიპი იყო ჩინეთში გასაყიდად დაშვებულ მოდელებს შორის, აშშ-ის ხელისუფლების მიერ გასულ თვეში გაცემული შეტყობინების შემდეგ პრაქტიკულად დაბლოკეს. უწყებამ კომპანია გააფრთხილა, რომ ჩიპზე ექსპორტის ლიცენზიის გარეშე გაყიდვა აკრძალული იქნებოდა.

წყაროების ცნობით, Nvidia-მ შეიმუშავა ტექნიკური ზღვრები, რომლითაც კომპანიის ახალი, შეზღუდულ შესაძლებლობებზე დაფუძნებული ჩიპების დიზაინი იქნება რეგულირებული. ერთ-ერთი მათგანის თქმით, H20-ის ახალი ვერსია შეიცავს მნიშვნელოვან შემცირებებს, მათ შორის მეხსიერების მოცულობის მკვეთრ კლებას. მეორე წყაროს ინფორმაციით, მომავალში შესაძლებელია მომხმარებლებმა მოდულის კონფიგურაცია თავად შეცვალონ, რათა ჩიპის მუშაობის დონე დაარეგულირონ. 

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა 2022 წლიდან შეზღუდა Nvidia-ს ჩიპების ექსპორტი ჩინეთში, მათი შესაძლო სამხედრო გამოყენების შიშით. H20 ჩიპი ბაზარზე მას შემდეგ გამოვიდა, რაც ვაშინგტონმა 2023 წლის ოქტომბერში ექსპორტზე კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრა.

Reuters-ის ცნობით, ჩინური ტექნოლოგიური გიგანტები, მათ შორის Tencent, Alibaba და TikTok-ის მფლობელი ByteDance, აქტიურად ზრდიდნენ H20-ის შეკვეთებს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ბაზარზე მოთხოვნა ხელმისაწვდომ AI-დამუშავების ჩიპებზე იზრდებოდა, სტარტაპ DeepSeek-ის მსგავსი კომპანიების წყალობით.