„ცარიელი ადგილი არსად რჩება, შესაძლოა, ჩვენი მოსახლეობა მომავალში სხვა ეროვნების მოქალაქეებმა ჩაანაცვლონ“,- ამის შესახებ დემოგრაფმა გიორგი მელაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო წლებია, რაც საქართველოში დეპოპულაცია უკვე დაწყებულია, შესაბამისად, თუ შობადობა არ გაიზარდა და ეს პროცესი არ გაჩერდა, შესაძლოა, ძალიან ნეგატიური პროცესები განვითარდეს.
„თუ შობადობა არ გაიზარდა, შედეგი რა თქმა უნდა, იქნება ნეგატიური. საქართველოში უკვე ფაქტობრივად, დეპოპულაცია დაწყებულია. ბოლო რამდენიმე წელია მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. თუ დეპოპულაციური პროცესები გაგრძელდა, ანუ ისევ უფრო მეტი გადაიცვლება, ვიდრე დაიბადება, ეს გამოიწვევს იმას, რომ მოსახლეობა შემცირდება. ამ დროს, ნებისმიერი ქვეყნისთვის თავისი მოსახლეობა არის ყველაზე დიდი სიმდიდრე. თუ მოსახლეობა არ იქნება, რად გვინდა რაიმე?!
პლუს ამას, შეიძლება, ძალიან ნეგატიური პროცესები განვითარდეს, სხვა ერების შემოსვლაა მოსალოდნელი. ცარიელი ადგილი არსად რჩება, ამიტომ, შესაძლოა, ჩვენი მოსახლეობა მომავალში სხვა ეროვნების მოქალაქეებმა ჩაანაცვლონ. ეს ნამდვილად საფიქრალი და გასათვალისწინებელია“,- აღნიშნავს გიორგი მელაძე.
მისი თმით, ის რომ, ქვეყანაში დემოგრაფიული მაჩვენებელი უარესდება, გარდა მშობიარე ქალების რაოდენობის შემცირებისა, გამოწვეულია ახალგაზრდების ქცევის ცვლილებით. კერძოდ, დემოგრაფი ამბობს, რომ მოვიდა თაობა, რომელსაც ბევრი შვილის ყოლა აღარ უნდა.
„ჩვენ, დემოგრაფები ასეთ შედეგს ველოდით და მეტიც, მომავალში კიდევ უფრო შემცირებას ველოდებით. გეტყვით, რატომ - ჩვენს დემოგრაფიულ სისტემაში შობად კონტინგენტ ქალებს (15-49 წელი ითვლება) გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შობადობისთვის.
შედარებისთვის, 1994 წელს ამ ქალების რაოდენობა 1.2 მლნ-ზე მეტი იყო; უკვე 2024 წელს კი რაოდენობა 820 ათასზე ოდნავ მეტია. წარმოიდგინეთ, რამდენით არის შემცირებული შობადი კონტინგენტი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, დაბადებულთა რაოდენობა შემცირდებოდა და მომავალში კიდევ არის შემცირება მოსალოდნელი. მე დამაიმედებელ პროგნოზს ვერ გავაკეთებ.
გარდა ამისა, რაც ყველაზე მთავარია, ახალგაზრდა თაობა ნაკლებად არის ორიენტირებული ბევრი ბავშვის გაჩენაზე. ვგულისხმობ, 3 და მეტი შვილის ყოლას. ერი რომ გამრავლდეს, ეს რაოდენობაა საჭირო. ჩვენ ფაქტის წინაშე ვართ, მოვიდა თაობა, რომელსაც არ სურს ბევრი შვილის გაჩენა. ეს შედეგი უკვე დამდგარია დასავლეთში და ეს დემოგრაფიული პროცესები რაც გლობალურია, ხდება საქართველოშიც“,- ამბობს გიორგი მელაძე.
გამოსავალზე საუბრისას, დემოგრაფი აცხადებს, რომ სახელმწიფომ პირობების გაუმჯობესების გარდა, ქორწინების წახალისებაზეც უნდა იზრუნოს.
„ახლა პირველად ვამბობ ამას, დღეს ისეთი დრო დაგვიდგა, შობადობის წახალისება კარგია, მაგრამ პირველ რიგში, ქორწინება უნდა წახალისდეს. თუ ქორწინება არ იქნება, შობადობა რანაირად გაიზრდება?! ამიტომ, ეს არის მთავარი, რომ ახალგაზრდებმა ოჯახები შექმნან. მე არ გამიგია, რომ ამ კუთხით რამე წახალისება ყოფილიყო. ახალგაზრდებს ნაკლებად უნდათ დაქორწინება, ბევრი მიზეზით გადადებენ ხოლმე ამას”, - ამბობს გიორგი მელაძე.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში 39 483 ბავშვი დაიბადა, 43 971 ადამიანი კი გარდაიცვალა. შესაბამისად, საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატება 4 488 ერთეულით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ დაბადებულთა რაოდენობა 1994 წლიდან მოყოლებული ასეთი დაბალი არ ყოფილა და 40 ათასიან ნიშნულსაც პირველად ჩამოსცდა.