ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა. როგორ აისახება ის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და რა მოლოდინები არსებობს სოციალურ-ეკონომიკური კუთხით, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" აკადემიკოს ლადო პაპავას ესაუბრა.
- წლეულს ეს ოპტიმიზმი რას ეფუძნება, საიდან უნდა მოხდეს თუნდაც 6%-იანი ზრდა, რაც წეღან ახსენეთ?
- 6%-იანი ზრდა იმის საფუძველზეა, რომ ქვეყანაში დაცულია მესაკუთრეთა უფლებები, რაც ნიშნავს, რომ ბიზნესის განვითარებისთვის მშვიდი გარემოა. რა თქმა უნდა, რყევები მოსალოდნელია, რადგან ჩვენ გარშემო არ არის მშვიდი სიტუაცია. სამწუხაროდ, ქვეყანაშიც გრძელდება დაძაბულობა. ამიტომ ეკონომიკური პროგნოზის გაკეთება, რომ ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური იქნება, ძნელია.
თუმცა გავიხსენოთ, რომ ჯერ კიდევ შარშან გაზაფხულზე, ან თუნდაც წლევანდელი წლის ზამთარში როგორ აპოკალიფსურ სურათს ხატავდა ზოგიერთი. სამწუხაროდ მათთვის და საბედნიეროდ ჩვენთვის, მსგავსი არაფერი მომხდარა.
- ტურისტული კომპანიები ამბობენ, რომ არა აქვთ ჯავშნები, უძრავი ქონების გაყიდვებში პრობლემებია და ა.შ. ამ პრობლემების პირობებში რა პროგნოზების გაკეთებაა შესაძლებელი?
- ასე ამბობდნენ შარშანაც ტურისტულ სეზონზე, მაგრამ არ ჩავარდნილა. არის ადამიანთა განსაზღვრული ნაწილი, რომელთაც აპრიორი აქვთ ყველაფრის მიმართ უარყოფითი განწყობა, ასევე არიან ადამიანები, რომელთაც აპრიორი აქვთ პოზიტიური განწყობა. ნეგატიურად განწყობილთა მოსმენა ნაკლებად საინტერესოა, რადგან თუ რამის სჯერათ, ვერ გადაარწმუნებ. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს - სხვა თანაბარ პირობებში საქართველოს შეუძლია შეინარჩუნოს ეკონომიკის მაღალი ზრდის ტემპი. სხვა სიტყვებით, დღევანდელი მდგომარეობა თუ გაგრძელდება, საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პროგნოზების რეალიზაცია შესაძლებელი იქნება.
სინამდვილეში როგორ გაგრძელდება, ამის თქმა ძალიან ძნელია, იმიტომ, რომ ვიმეორებ - თვითონ ამერიკაშია გაურკვეველი სიტუაცია და რუსეთ-უკრაინის ომიც ისეთ ფაზაშია შესული, მისი დასრულების იმედი, რომ საკითხი დადებითად გადაწყდებოდა და ადამიანების მსხვერპლი აღარ გაიზრდებოდა, სამწუხაროდ, იმედად რჩება. პრობლემა უფრო რთულია, ვიდრე ეს ტრამპსა და მის გუნდს წარმოედგინათ. რუსეთი თავის ამბიციებზე ადვილად უარს არ და ვერ იტყვის, მით უფრო, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები კონსტიტუციურად უკვე თავისად გამოაცხადა. ამიტომ
რუსეთის სათავეში გინდ პუტინი იყოს და გინდ ვინმე სხვა, წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანოს და რუსეთის ინტერესები შეზღუდოს.
ამ დროს კი უკრაინა ძალიან სერიოზულად იჭყლიტება, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ჩვენი მოძმე ერი...
- ქვეყანაში რა კეთდება ეკონომიკური საქმიანობის თვალსაზრისით, რომ ასეთი ზრდა იყოს, ამ ზრდის რეალური საფუძველი რა იქნება? გასაგებია, რომ ორი და სამი წლის წინ ომის გამო რუსეთიდან და უკრაინიდან წამოსულ ხალხს მოჰყვა შემოსავლები. ცხადია, ეს სულ მცირდება და წლეულს აღარ იქნება ისეთი. ამიტომ არის საინტერესო, რა არის ქვეყანაში ისეთი, რაც უზრუნველყოს ეკონომიკურ ზრდას, მით უმეტეს, იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც დღეს არსებობს?
- საერთოდ, მაღალი ეკონომიკური ზრდის დიდი ხნით შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელია. ის რამდენიმე წელიწადს გრძელდება, მიაღწევს ზღვარს და მერე შემცირდება, მაგრამ, როდესაც 10%-იან ნიშნულამდე იყო ასული, მისი დაქვეითება თუნდაც 6%-მდე, ცხადია, ეკონომიკური ზრდის კლებაა, მაგრამ თავისთავად ეს 6%-ც საკმაოდ მაღალი ზრდაა. ხაზგასასმელია, რომ 2025 წლის პირველი ოთხი თვის ეკონომიკური მაჩვენებლები საკმაოდ დამაიმედებელია. ამიტომ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - ამ პროგნოზებს არა იმდენად ჩვენი მთავრობა აკეთებს, რამდენადაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, რაც ამ პროგნოზებს მეტ დამაჯერებლობას სძენს. შესაბამისად, იმის ალბათობა, რომ ეს ზრდა შენარჩუნდება, საკმაოდ მაღალია.
- საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზების საფუძველი რა არის?
- საფუძველი ის არის, რომ საქართველო პრაქტიკულად არ არის მიერთებული სანქციებს, და ის, რომ საქართველოში ბიზნესისთვის მშვიდობა და სტაბილური გარემოა შენარჩუნებული.
- ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა რომ გრძელდება, ცალკეულ პირებზე დაწესებულია სანქციები, რა გავლენას ახდენს ამ სტაბილურობაზე და, ღმერთმა ნუ ქნას და, ქვეყანას რომ დაუწესონ სანქციები, მაშინ რა მოხდება?
- ეს რომ იყოს სერიოზული კრიზისი და სერიოზული დაპირისპირება, ამდენი ხანია ყოველდღიური აქციები იმართება (და არა უწყვეტი, როგორც ზოგიერთი მედიასაშუალება აცხადებს, არამედ ყოველდღიური), ამას რომ ჰქონდეს რეალური დესტრუქციული ძალა, უკვე აისახებოდა ეკონომიკაზე, მაგრამ ვხედავთ, რომ იმ ძალებს, რომლებიც ამ აქციებს მართავენ, საზოგადოებაში რა დონის მხარდაჭერა აქვთ. რა თქმა უნდა, არის მოსახლეობის ჯგუფი, რომელიც უკმაყოფილოა, მაგრამ იმ სიდიდის არ არის, რომ შეეძლოს სერიოზული გარდატეხის შეტანა. ამიტომ არის ის, რაც არის...
- საქართველოში რაიმე მიზეზის გამო ეკონომიკური კრიზისი რომ დაიწყოს, ვინ დაეხმარება, როცა ურთიერთობა გაფუჭებული გვაქვს ამერიკასთანაც და ევროკავშირთანაც?
- მე ნამდვილად არ მინდა ვიმსჯელო იმაზე, რომ საქართველოში ეკონომიკური კრიზისი განვითარდება. მოდი, ასე შევხედოთ და ცოტა უცნაურ კითხვას დავსვამ - ვინ ეხმარება რუსეთს? ძალიან ბევრი ვინმე. რუსეთს ეხმარება აშშ, ეხმარება ევროკავშირი. მაშინ, როდესაც სანქციების მე-17 პაკეტზეა საუბარი, ეს ხომ ნიშნავს, რომ ყველა წინა პაკეტი ხარვეზიანია. ნუ დაგვავიწყდება, რომ მე-12 პაკეტამდე დასავლეთი რუსეთისგან ალმასებს ყიდულობდა, ანუ ომს უფინანსებდა... ამავე დროს ნუ დაგვავიწყდება ჩინეთი და, განსაკუთრებით, ინდოეთი, რომელიც საერთოდ ორმაგ თამაშს თამაშობს - ყიდულობს რუსეთისგან ნედლ ნავთობს და ნავთობპროდუქტებს ყიდის ამერიკაზე. ამერიკამ არ იცის, რომელი ნავთობიდან დამზადებულ ნავთობპროდუქტებს ყიდულობს ინდოეთში? უკრაინაში ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი რომ ჩამოაგდეს და შიგთავსის 80%-ზე მეტი ამერიკული წარმოების აღმოჩნდა, საიდან გაჩნდა, ამერიკას ირანისთვის ხომ დიდი ხანია, სანქციები აქვს დაწესებული? ასე რომ, კაცმა არ იცის, ვინ ვის როგორ "ეხმარება" და ვინ რა ინტერესს ნახულობს. აქვე ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ
გლობალური ომის პარტია არსებობს და მისი ლიდერია რუსეთი და ყველა ის ქვეყანა, რომელსაც აქვს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, იმიტომ, რომ მასში შემავალი საწარმოები იარაღს აწარმოებენ და ეს იარაღი თუ არ გამოიყენე, ახლის წარმოებას აზრი არა აქვს. ამიტომ გლობალური ომის პარტიას ყოველთვის აწყობს ლოკალური, საშუალო თუ დიდი ომები.
ვიმეორებ, გლობალური ომის პარტიის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა რუსეთია, რომელიც ოკუპანტია და რომელმაც ეს იარაღი სადღაც უნდა გამოიყენოს. რუსეთის უკრაინაში ომის დროს ევროკავშირის ქვეყნებმა იარაღის საწყობები დაცალეს და ახალი იარაღი ვისგან უნდა იყიდონ (როცა თავად არ აწარმოებენ)? რეალურად ამერიკიდან. ასე რომ,
ამერიკის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ამ ომში დიდ ხეირს ნახულობს. ეს ბიზნესის ნაირსახეობაა და ამაში უჩვეულო არაფერია. ამიტომ, ვინც ამ ომში მოგებას ნახულობს, ყველა გლობალური ომის პარტიის შეგნებული თუ შეუგნებელი მონაწილეა. ეს რეალობაა, სხვანაირად სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი თავს ვერ შეინახავს.
ნახეთ, რა საშიში სიტუაციაა - უკრაინაში ომი არ მთავრდება, ღაზის სექტორში საომარი მოქმედებები არ მთავრდება, ინდოეთსა და პაკისტანს შორის კიდევ შეიძლება გამწვავდეს სიტუაცია და ამიტომ საომარი მოქმედებებით დაინტერესება ჩვეულებრივი ამბავია.