რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 3-4) მშენებლობის გამო, რამდენიმე მოქალაქეს ქონებას იძულებით ჩამოართმევენ.

კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ-დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტი, რაც აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად უნდა ჩაითვალოს. აქედან გამომდინარე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს უნდა მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ უძრავ ქონებაზე.

შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე, ექსპროპრიაციას (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) დაექვემდებარა:

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადახლოში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 9 022 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის მესაკუთრეა ვალეხ ბაირამოვი. დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნაწილი – 1737 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მასზე განთავსებულია მრავალწლიანი ნარგავებისა და ერთწლიანი კულტურებით.

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ზემო სარალში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2700 კვ.მ მიწის ნაკვეთი. დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ასაფ აბასოვის, ეკანა აბბასოვას, იდრის აბასოვის, ინტიგამ აბასოვის, ნუივარ აბასოვას და შახალი აბასოვის თანასაკუთრებაში არსებული, აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნაწილი – 1457 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები და ერთწლიანი კულტურა.

ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება“, - ნათქვამია ბრძანებაში.

ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

www.bpn.ge