"სასოფლო სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოება გათავისუფლებულია დღგ-სგან. იმპორტირებული ხორბალი დღგ-თი იბეგრება, ხოლო ადგილობრივი ხორბალი - არა. წისქვილი იმპორტირებულ ხორბალს ითვლის დღგ-თი და შემდეგ მას იყენებს, ანუ უკან იბრუნებს. ქართულ ხორბალზე "ჩათვლა" არ ხდება”, - ასე ხსნის ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი იმპორტირებული და ადგილობრივი ხორბლის ჩასაბარებელ ფასთა შორის სხვაობას.
როგორც მან "აგროგარემო TV-სთან" განმარტა, იმპორტირებულ და ადგილობრივი წარმოების ხორბლის ფასებს შორის განსხვავების დიდი წილი დამატებული ღირებულების გადასახადზე მოდის. ანუ, ლევან სილაგავს განმარტებით, ფასთა შორის სხვაობას ის იწვევს, რომ იმპორტირებული პროდუქცია დღგ-თი იბეგრება და შესაბამისად, წისქვილკომბინატი მისი შეძენისას ჩათვლის უფლებით სარგებლობს. ადგილობრივი ხორბლის პირველადი წარმოება დღგ-სგან გათავისუფლებულია, რაც წისქვილებს დღგ ჩათვლის უფლებას ართმევს. მისივე თქმით, ქართული ხორბალი დღგ-თი რომ იბეგრებოდეს, კოლოგრამზე მისი ფასი არა დღეს არსებული 60 თეთრის ფარგლებში, არამედ 85 თეთრი იქნებოდა.
“[ადგილობრივი] ხორბლის ფასი ამ ეტაპზე 1 კოლოგრამზე 55-დან 63 თეთრის ფარგლებშია, არის 1 კილოგრამზე 65 თეთრიც. იმპორტირებული ხორბლის ფასი დაახლოებით 80 თეთრია. ნებისმიერი ბიზნესმენი ცხადია, ნედლეულს მიიღებს და უფრო მეტს გადაიხდის, თუ ის თვითონ ჩაითვლის დღგ-ს და შემდეგ გამოიყენებს. მარტივად რომ გითხრათ, დღგ-თი რომ იყოს [იბეგრებოდეს] დღეს ქართული ხორბალი, ჩვენ მას 65 თეთრის ნაცვლად 80 თეთრად ჩავიბარებდით. სხვათა შორის, ეს საკითხი არა მარტო ხორბლის დარგში, არამედ მიწოდების სხვა დარგებშიც აქტუალურია”. - განაცხადა ლევან სილაგავამ და დასძინა, რომ თავის დროზე, ქართული ხორბლის დღგ-საგან გათავისუფლება ძალიან სწორი ნაბიჯი იყო, როგორც ერთგვარი სტუმული მექანიზმი მეხორბლეობისთვის, მაგრამ, სილაგავას აზრით, ამ ეტაპზე მეხორბლეობის სექტორში უფრო მეტი სიკეთეა დღგ-ს შემოტანა, რადგან ეს გაათანაბრებს ჩასაბარებელ ფასებს იმპორტირებულ და ადგილობრივ ხორბალზე.
ცნობისთვის, იგივე პოზიცია აქვთ სტუმარმასპინძლობის სექტორს, სასტუმრობესა და რესტორნებს ადგილობრივი ნედლეულის ჩაბარებასთან დაკავშირებით. საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი, გასტრონომიის კონსულტანტი და ქართული კულინარიული კულტურის მკვლევარი, ქეთი კვიჭიძე ამაზე დიდი ხანია საუბრობს და ინიციატივაც, საკანონმდებლო წინადადებაც კი აქვს პარლამენტში ამ საკითხზე შეტანილი, თუმცა, ჯერ რამე ტიპის განხილვა და მსჯელობა ამ თემაზე კანონმდებლების მხრიდან არ გამართულა.