„ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მონაცემებით, 1961 წლის შემდეგ, ამ ეტაპზე, მსოფლიო მასშტაბით ღვინის მოხმარება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ბოლო 10 წელია, მსოფლიო მასშტაბით ღვინის მოხმარება ყოველწლიურად იკლებს. ბაზარზე გამძაფრებული კონკურენციის პირობებში, ქართული ღვინის უპირატესობა უნიკალურობა და ხარისხი რჩება. ჩვენ მარკეტინგული ღონისძიებებით მომხმარებელში ვქმნით ქართული ღვინის უნიკალურობის მოლოდინს, რაც აუცილებლად უნდა იყოს გამყარებული შესაბამისი ხარისხით“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.
2026 წლის რთველის დროს, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი არ გამოხატავს ყურძნის შესყიდვის ინტერესს, სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ ყურძნის შესასყიდად განისაზღვრა შემდეგი ფასები: ,,ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული ვაზის ჯიშებისგან მოწეული ყურძენი: შაქრიანობა აღემატება 20%-ს - 1,30 ლარი; შაქრიანობა 17%-დან-20%-მდე - 80 თეთრი, შაქრიანობა არ აღემატება 17-%-ს - 30 თეთრი; რაც შეეხება საფერავს: შაქრიანობა აღემატება 22%-ს - 1,50 ლარი, შაქრიანობა 17%-დან - 22%-მდე - 90 თეთრი, შაქრიანობა არ აღემატება 17-%-ს - 30 თეთრი.
„ყველა მეღვინე დამეთანხმება, რომ ხარისხი იწყება ვენახიდან და ყურძნიდან, ჩვენ სხვა გზა და სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ გაგვაჩნია - მხოლოდ და მხოლოდ ხარისხი. რთველის დროს ყურძნის ხარისხის მიხედვით ფასთა სხვაობა გასულ წელს უკვე დავნერგეთ. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ მეტი აქცენტია გასაკეთებელი ხარისხთან მიმართებაში. ერთი მხრივ არის გამოწვევები, რომლებსაც უნდა გავუმკლავდეთ სოციალური პასუხისმგებლობით, რომ ყურძენი არ დარჩეს ჩაუბარებელი, მაგრამ სოციალური რთველი არ უნდა გადაიზარდოს რაოდენობაზე ორიენტირებულ პროცესში. მევენახეებმა უნდა გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა დარგის მომავლის წინაშე, ახლავე იზრუნონ საკუთარ ვენახებზე და მიიღონ მაღალი ხარისხის ყურძენი“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს