საქართველოში პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე ფასების სახელმწიფო რეგულირების მექანიზმები ამოქმედდა. მთავრობის მიზანია ქვეყანაში მაღალი ფასების დარეგულირება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ფერმერებისთვის.

„კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაცია ფერმერებისთვის გარკვეულ რისკებს შეიცავს, რადგან შესაძლოა, მათ აგრო ქიმიკატები მაღაზიებიდან კონსიგნაციის წესით ვეღარ აიღონ.

„თუ ფერმერების პერსპექტივიდან შევხედავთ საინტერესო ჩანს იმ კუთხით, რომ  რომ პესტიციდები გაიაფდება ან აღარ გაძვირდება.  თუმცა ამ ყველაფერს ახლავს რისკები, რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება შეეხოს ბიზნესს. მოგეხსენებათ, რომ აგრო მაღაზიები მუშაობენ კონსიგნაციაზე, ანუ ნისიად აძლევენ ფერმერებს ამ ქიმიკატებს. აქამდე ფერმერს ქიმიკატების საყიდლად ჰქონდა ორი ვარიანტი, ან სესხის აღება, ან  აგრო მაღაზიისგან ვალზე შესყიდვა. მათ ერჩივნათ მეორე ვარიანტი, ხოლო მაღაზიები ამ ვალზე აღების რისკს ფასში ასახავდნენ.  ამ რეგულაციების შედეგად, შესაძლოა, ფერმერებმა ვეღარ შეძლონ ქიმიკატების ვალზე აღება, რაც მათთვის რისკს წარმოადგენს“,- აცხადებს რატი კოჭლამაზაშვილი.