ოკუპირებული აფხაზეთის შიდა ბაზარი ამჟამად საწვავით საკმარისად არის მომარაგებული. ბენზინის ფასები შესაძლოა დეკემბერში შემცირდეს, დიზელის ფასი კი ჯერჯერობით უცვლელი დარჩეს, - განაცხადა დე-ფაქტო ენერგეტიკის მინისტრმა ბატალ მუშბამ.
„რუსეთიდან საწვავის მიწოდებისა და გადაზიდვის საკითხები ამჟამად დარეგულირებულია და მუდმივი კონტროლის ქვეშაა. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მუშაობა ჯერ კიდევ სრულად სტაბილური არ არის, შიდა ბაზარი საწვავით საკმარისად არის მომარაგებული“, - განაცხადა მუშბამ.
მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში ამჟამად 1 500 ტონაზე მეტი AI-95 მარკის ბენზინი და დაახლოებით 1 200 ტონა დიზელის საწვავია.
მინისტრის განცხადებით, ბენზინისა და დიზელის მაღალი ფასები შესყიდვის ღირებულებას უკავშირდება. საწვავი რუსეთის მიერ რეგულირებული საერთაშორისო საექსპორტო კონტრაქტებით მიეწოდება, რაც საბოლოო ფასზეც აისახება.
„მიუხედავად ამისა, დადებით ტენდენციას ვხედავთ: დეკემბერში ბენზინის ფასის შემცირებაა მოსალოდნელი. დიზელთან დაკავშირებით კი ფასების მდგომარეობა ჯერჯერობით უცვლელი დარჩება“, — აღნიშნა მუშბამ.
Interfax-ის ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავტოგასამართ სადგურებზე AI-95 ბენზინის ფასი ლიტრზე 99 რუსული რუბლია, AI-92-ის — 88 რუბლი, ხოლო დიზელის — 89 რუბლი.