Radical Storage-ის ექსპერტებმა გააანალიზეს ევროპის ყველაზე მონახულებადი ქალაქები, რათა დაედგინათ, რომელია ყველაზე შესაფერისი სოლო მოგზაურობისთვის.
რეიტინგის შედგენისას რამდენიმე კრიტერიუმი იქნა გათვალისწინებული, მათ შორის საცხოვრებლის ღირებულება და უსაფრთხოების განცდა. კვლევაში 48 ევროპული ქალაქი შედიოდა, რომლებიც 11 კრიტერიუმის მიხედვით შეადარეს. ესენი იყო ერთ ადამიანზე საშუალო დღიური ხარჯები, Numbeo-ს უსაფრთხოების ინდექსი და ჰოსტელების რაოდენობა - მარტოხელა მოგზაურებისთვის ერთ-ერთი მთავარი განთავსების ვარიანტი.
მარტო მოგზაურობისთვის საუკეთესო ქალაქი პრაღა აღმოჩნდა.
ჩეხეთის დედაქალაქში ერთი დღე საშუალოდ 134,33 ევრო ღირს, რაც მოიცავს საცხოვრებელს, კვებას, ტრანსპორტირებას და გართობას. გარდა ამისა, პრაღა უსაფრთხოების მხრივ რეიტინგში შემავალ ყველა ქალაქს შორის მერვე ადგილზე იყო.
მარტო მოგზაურობისთვის საუკეთესო 10 ევროპული ქალაქი:
1 / პრაღა, ჩეხეთი;
2 / კრაკოვი, პოლონეთი;
3 / სტამბოლი, თურქეთი;
4 / ლისაბონი, პორტუგალია;
5 / გდანსკი, პოლონეთი;
6 / ბერლინი, გერმანია;
7 / პორტუ, პორტუგალია;
8 / სევილია, ესპანეთი;
9 / ბარსელონა, ესპანეთი;
10 / რიგა, ლატვია.
რეიტინგის ბოლოში ციურიხი იყო, რომელიც მაღალი ფასების გამო დამოუკიდებელი მოგზაურობისთვის ყველაზე ცუდ ევროპულ ქალაქად იქნა აღიარებული. აქ განთავსების ღირებულება დღეში 168.13 ევროა, რაც ყველა მონაწილე ქალაქს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, ციურიხი მეორე ადგილზეა კვების ხარჯების მიხედვით, ხოლო მესამე ადგილზეა ტრანსპორტირების ხარჯების მიხედვით.
ყველაზე ცუდი ევროპული ქალაქები მარტო მოგზაურობისთვის:
1 / ციურიხი, შვეიცარია;
2 / რეიკიავიკი, ისლანდია;
3 / ვენეცია, იტალია;
4 / ორჰუსი, დანია;
5 / კიოლნი, გერმანია;
6 / ჟენევა, შვეიცარია;
7 / ფრანკფურტი, გერმანია;
8 / ნიცა, საფრანგეთი;
9 / მარსელი, საფრანგეთი – ეს ქალაქი მარტო მოგზაურობისთვის ყველაზე სახიფათოდ დასახელდა;
10 / დუბლინი, ირლანდია.