მიწის საინფორმაციო სისტემის (LIS) პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„გლობალური IT სერვისების კომპანია RMSI-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიზო ჭელიძე, სამინისტროსა და სააგენტოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მხარეებმა მიწის საინფორმაციო სისტემის (LIS) ფუნქციური დიზაინის შემუშავებაზე ისაუბრეს. განისაზღვრა პირველადი სამუშაოები და შესაბამისი ვადები, იდენტიფიცირდა ადამიანური და ტექნიკური რესურსების საჭიროებები. მონაწილეებმა განიხილეს სხვადასხვა უწყებაში დაცული მონაცემების სტანდარტიზაციისა და მონაცემთა ბაზაში ინტეგრაციის ტექნიკური შესაძლებლობები, რაც მიზნად ისახავს მონაცემთა მართვის პროცესების გაუმჯობესებას და ერთიანი საინფორმაციო სისტემის ჩამოყალიბებას.
კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელმა სენტილ რაჯენდრანმა შეხვედრაზე RMSI-ის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მსგავსი პროექტების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა. კომპანია მუშაობს ლათინური ამერიკის, აზიის, ევროპისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
მიწის საინფორმაციო სისტემის შექმნას „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის (GRAIL)“ სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და მონიტორინგის გაძლიერების ქვეკომპონენტი ითვალისწინებს.
მიწის საინფორმაციო სისტემა ჩამოყალიბდება როგორც თანამედროვე ციფრული პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს მიწის რესურსებთან, ნიადაგის თვისებებსა და მიწათსარგებლობის ფორმებთან დაკავშირებულ მონაცემებს. სისტემა შეასრულებს მიწის მონაცემების ჰაბის ფუნქციას, რაც ხელს შეუწყობს მიწის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.