ბულგარეთის შავი ზღვის პორტები ვარნა და ბურგასი შესაძლოა, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) ნაწილი გახდეს, – ამის შესახებ საუბარი იყო ბულგარეთის პრეზიდენტს, რუმენ რადევსა და ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შორის 9 ივნისს ასტანაში გამართულ მოლაპარაკებებზე.

გავრცელებული ცნობით, მოლაპარაკებების შემდეგ აღინიშნა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ინდუსტრიაში თანამშრომლობის მნიშვნელობა.

ყაზახეთის მთავრობის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიმუშავებენ ბულგარეთის საზღვაო პორტების, ბურგასისა და ვარნას ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის პროექტთან მიერთების საკითხს, რომელიც უკვე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ სავაჭრო მარშრუტად იქცა.

ყაზახეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით საქმიანობის გასაძლიერებლად აუცილებელია ეკონომიკური თანამშრომლობის ყაზახეთ-ბულგარეთის სამთავრობათაშორისო კომისიის მექანიზმების ეფექტურად გამოყენება.

შეხვედრის დროს ასევე შემოთავაზებული იქნა კომისიის ფარგლებში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში თანამშრომლობის საკითხებზე ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა.

პირველი არხი