საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარემ, მიხეილ ხიდურელმა, ტაშკენტში გამართულ ცენტრალური აზიისა და კავკასიის საინვესტიციო საბჭოების რეგიონული ალიანსის (RAIC-CAC) სადამფუძნებლო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
სააგენტოს თავმჯდომარემ ალიანსის წევრებს საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ინვესტიციების მოზიდვის წარმატებული გამოცდილების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ალიანსის დაფუძნების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას.
აღსანიშნავია, რომ ტაშკენტის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში, მიხეილ ხიდურელმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით „ცენტრალური აზიისა და კავკასიის საინვესტიციო საბჭოების რეგიონული ალიანსი: რეგიონული საინვესტიციო პოტენციალის ათვისება”.
ინფორმაციას საქართველოს ინვესტიციების სააგენტო ავრცელებს