2025-2026 წლების ეკონომიკური მოლოდინების შესახებ საკონსულტაციო კომპანია Reformatics-მა შეფასება მოამზადა, რომლის მიხედვითაც 2025 წელს იმ შემთხვევაში თუკი ქვეყანაში პოლიტიკური იზოლაცია გაღრმავდება, ქვეყანაში ლარის გაუფასურება, მაღალი ინფლაცია და ეკონომიკური რეცესია ელის.

Reformatics-ის თანახმად, 2025 წელს მოსალოდნელია:

მიმდინარე ეკონომიკური დინამიკა ლარის კურსზე წნეხს გააძლიერებს

2025 წლისთვის ლარის 10-15%-იანი გაუფასურებაა მოსალოდნელი. ეს ნიშნავს, რომ ლარის კურსი დოლართან დაახლოებით 3.0-3.2 ლარისის დიაპაზონში იქნება, რაც საგრძნობლად გაზრდის სამომხმარებლო ფასების ინდექსს (ინფლაციას). მწარმოებელთა ინფლაციის ინდექსის ზრდა უკვე ახლა მიანიშნებს ინფლაციის ზრდის მზარდ ზეწოლაზე, რაც განსაკუთრებით აისახება იმპორტირებულ საქონელზე და მომსახურებაზე.

მშპ-ს ზრდის პროგნოზები სხვადასხვა სცენარში

2021-2024 წლებში საშუალოდ 9%-იანი ეკონომიკური ზრდა ერთჯერადი ფაქტორების შედეგი იყო, როგორიცაა პოსტპანდემიური აღდგენა, რუსეთის გავლენიანი ინვესტიციები და იმიგრაცია. თუმცა, 2025 წლიდან ამ ფაქტორების გაბათილება მოლოდინების გაუარესებას იწვევს. პროგნოზების მიხედვით, იზოლაციის პირობებში, საქართველოს ეკონომიკის რეალური ზრდა 2025 წელს უარყოფით ზონაში გადავა. იზოლაციის თანდათანობით განმუხტვის სცენარის (სცენარი 2) მიხედვით, ქვეყნის მშპ-ს რეალური ზრდა -1%-დან -2%-მდე შემცირდება. თუ იზოლაცია უფრო ღრმავდება (სცენარი 1), ეს მაჩვენებელი -3%-დან -3.5%-მდე დაეცემა, რაც რეცესიის კიდევ უფრო მძიმე სურათს შექმნის.

ეკონომიკის შემცირების ეფექტი სახელმწიფო ბიუჯეტზე

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, მისი გადასახადების ნაწილში 2025 წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მოლოდინზე იყო აგებული, თუმცა ნეგატიური ეკონომიკური პროგნოზების ფონზე, ბიუჯეტის დეფიციტმა შეიძლება 4%-ს გადააჭარბოს, რაც ფისკალური სტაბილურობის რისკებს გაზრდის და პოტენციურად ინფლაციაზეც იქონიებს ნეგატიურ გავლენას.

Reformatics-ი მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა. არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია, ნდობის დეფიციტი მთავრობასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გაუარესება მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და რეფორმების განხორციელებას. ახალი არჩევნები საშუალებას მისცემს მოსახლეობას გამოხატოს ნება, ხოლო ახალი ხელისუფლება შეძლებს პროდასავლური კურსის აღდგენას, შიდა პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფას და საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებას. პოლიტიკური ლეგიტიმაციის აღდგენა აუცილებელია ეკონომიკის სანდოობის ასამაღლებლად, ინვესტიციების მოსაზიდად და დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისთვის.

„ევროკავშირთან ინტეგრაცია საქართველოსთვის არა მხოლოდ სტრატეგიული არჩევანია, არამედ აუცილებელი ნაბიჯი ეკონომიკური სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირის ბაზარზე წვდომა, საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა და რეფორმების დაჩქარება ქვეყნის გრძელვადიანი ზრდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თუმცა, ბოლო წლებში გაღრმავებული იზოლაცია და ევროკავშირის მიმართ მტრული პოლიტიკა ხელს უშლის ამ პროცესს და საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას ზიანს აყენებს. არსებული კურსის შეცვლა, პროდასავლური რეფორმების გააქტიურება და ევროკავშირთან კონსტრუქციული დიალოგის აღდგენა ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რათა ქვეყანა თავიდან აიცილოს ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაციის უფრო ღრმა კრიზისი. ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს როგორც ევროპული ფინანსური და ტექნოლოგიური მხარდაჭერის მოპოვებას, ისე მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

საქართველომ მას შემდეგ რაც ქვეყანა ევროატლანტიკური განვითარების გზას დაუბრუნდება, აუცილებლად უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა უფრო მეტი როლი შეასრულოს რეგიონული ეკონომიკური კავშირების განმტკიცებისთვის.

ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტო დერეფანს მოიცავს, ქმნის შესაძლებლობას საქართველო გადაიქცეს ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ფინანსური სერვისების რეგიონულ ცენტრად. რეგიონულ ინიციატივებში, როგორიცაა შუა დერეფანი აქტიური მონაწილეობა გააუმჯობესებს სატრანსპორტო ქსელებს და გაზრდის ვაჭრობის მოცულობას მეზობელ ქვეყნებთან.

ეკონომიკური ჰაბის განვითარება საქართველოს რეგიონული ლიდერობისა და საერთაშორისო ბაზრებზე უკეთესი ინტეგრაციისკენ უბიძგებს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას ახალ დონეზე აიყვანს.

თუმცა, ეს ყველაფერი რთული მისაღწევი იქნება თუკი არსებული პოლიტიკური კურსი შენარჩუნდება, რასაც ქვეყანა ეკონომიკური კეთილდღეობის ნაცვლად გარდაუვალი იზოლაციისა და კრიზისისკენ მიჰყავს“, - ნათქვამია Reformatics-ის შეფასებაში.