ჰორმუზის სრუტეს დღეს საკვანძო როლი ენიჭება რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ევროპული სახელმწიფოების უმეტესობის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში, რადგან ის მათი ენერგომომარაგების შევსებისთვის აუცილებელ უმნიშვნელოვანეს საზღვაო მარშრუტს წარმოადგენს.

არაბული მედიის ცნობით, სპარსეთის ყურეში ამჟამად 2 190 გემია ჩარჩენილი, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გავლას ვერ ახერხებენ. მათ შორისაა 320 ნავთობის და ბუნებრივი აირის გადამტანი ტანკერი და 140 კონტეინერმზიდი. დანარჩენი საზღვაო ხომალების იდენტიფიცირება არ მომხდარა.

ომის დაწყებამდე სრუტეში ყოველდღიურად 100-ზე მეტი გემი გადიოდა; ამჟამად კი ამას დღეში არაუმეტეს 12 თუ ახერხებს, ისინიც - მხოლოდ ირანის ხელისუფლებასთან კონსულტაციის შემდეგ.

გარდა იმისა, როდესაც ენერგომატარებლების მცირე მოცულობებით გადაზიდვა ხდება, სადაზღვევო პრემიის მოცულობა 0.25%-დან 5.8%-მდე იზრდება, რაც ასიმეტრიულად ზრდის ტრანსპორტირების ღირებულებას. ანუ, მცირე რაოდენობებით ნავთობისა და გაზის გადატანას მაღალი ხარჯები ახლავს თან.

ზოგიერთი ქვეყანა მზადაც რომ იყოს, ეს გაზრდილი ხარჯები გადაიხადოს, ენერგომატარებლები და ნედლეული ყველასთვის საკმარისი არ არის და თუ სრუტე არ გაიხსნება, აპრილში მდგომარეობა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დამძიმდება.

ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება რისკის ქვეშ არის

ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება რისკის ქვეშ არის, რადგან უკვე შეკვეთლი საქონელიც კი სხვა მიმართულებით იგზავნება.

ასე მაგალითად, რამდენიმე დატვირთული გემი, გეგმის მიხედვით, ევროპაში ამ დღეებში უნდა ჩასულიყო, მაგრამ თანამგზავრული მონაცემების თანახმად, ექვსმა ტანკერმა, რომლებმაც მექსიკის ყურე დატოვეს და ევროპაში, კერძოდ კი როტერდამში უნდა შესულიყვნენ, კურსი შეიცვალეს და აფრიკისა და სამხრეთ ატლანტიკისკენ გაემართნენ. ახლა ისინი დურბანში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) ფიქსირდებიან და, შესაძლოა, აზიის ბაზრებისკენ მიემართებიან.

გაზრდილი მოგების სურვილი, რომელიც, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ტრეიდერებს ბუნებრივად ამოძრავებთ, გავლენას ახდენს გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე და რიგ ქვეყნებს ენერგეტიკული გადარჩენის გეგმების შემუშავება უწევთ.

საფრანგეთი, რომელსაც შეუძლია, თავს იმის ფუფუნების უფლება მისცეს, რომ ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად წიაღისეული საწვავი არ გამოიყენოს, ეკონომიკის ყველა სექტორის ელექტრომომარაგებას ბირთვული ენერგიის გამოყენებით ახდენს.

ბრიტანეთი აპირებს, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის მოპოვების შეჩერების შესახებ, ასევე დადის ხმები ქვანახშირის გამოყენების თაობაზე.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი კი ბირთვული ელექტროსადგურების დახურვის შესახებ გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს, რომელიც 2011 წელს ფუკუშიმას (იაპონია) ტრაგიკული ავარიის შემდეგ მიიღეს.

წყარო: 1 არხი