„საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის" (GREDA) ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ჰესების ათეულობით პროექტი გაჩერებულია.
როგორც ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა BMG-ის განუცხადა, ამ დროისათვის ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურის დაახლოებით 88 პროექტია გაჩერებული. როგორც GREDA-ში აცხადებენ, ჰესების მშენებლობის გაჭიანურების მთავარ მიზეზებს შორისაა ბიუროკრატიული პროცესები და მოსახლეობის უარყოფითი დამოკიდებულებაზე ამ ტიპის გენერაციის ობიექტების მიმართ.
მაია მელიქიძის შეფასებით, გენერაციის ობიექტების მშენებლობის დასაჩქარებლად აუცილებელია, ერთი მხრივ, ბიუროკრატიული პროცესების გამარტივება, მეორე მხრივ კი, GREDA-ს მიერ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტის მიღება.
„რეალურად ჩვენ სერიოზული გამოწვევის წინაშე ვდგავართ ჰიდროენერგეტიკასთან მიმართებაში. ჩვენს ქვეყანაში არსებობს პროექტები, მცირე და საშუალო ჰესები, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია გაჩერებულია. ამას აქვს თავისი მიზეზი. პირველი - ეს გახლავთ ბიუროკრატიული და დროში გაწელილი პროცედურები. დროში ძალიან ჭიანურდება სხვადასხვა ტიპის პროცედურები, ასევე მიწებთან, რეგისტრაციებთან დაკავშირებული სირთულეები. მეორე და ყველაზე კრიტიკული აქ გახლავთ ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაწილი. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების როლი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სწორედაც მოდერატორის როლი და ფუნქცია უნდა შეითავსოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ. ინვესტორს ძალიან უჭირს პირადად კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან, ვინაიდან მხოლოდ ის სარგებელი, რასაც ის სთავაზობს, მოსახლეობის სხვადასხვა ტიპის სურვილების და მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, საკმარისი არ არის. სწორედ ამას ემსახურება რამდენიმე წლის წინ GREDA-ს მიერ ინიციირებული კანონპროექტი და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთხოვო შესაბამის პასუხისმგებელ პირებს [კანონპროექტის მიღება]. ეს ნამდვილად არის გასაღები იმ პრობლემების მოგვარებისა, რის გამოც დღეს ათეულობით პროექტია გაჩერებული ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით.
ჩვენ ვერასდროს ვერ ჩავანაცვლებთ მზით და ქარით ჰიდროენერგეტიკას. წელს პირველად მოხდა, რომ გენერაციის პიკში ვიყავით და მიუხედავად ამისა, იმდენად მაღალი იყო მოხმარება, რომ იძულებულები გავხდით ელექტროენერგიის იმპორტი განგვეხორციელებინა. გაცხადებული პოლიტიკაა, რომ 2030 წელს გვინდა, ენერგეტიკული თვალსაზრისით, თვითკმარი ქვეყანა ვიყოთ. იმ ტემპებით, რომლითაც დღეს ჩვენ ვცდილობთ ენერგეტიკის ხელშეწყობას, ძალიან გაგვიჭირდება, რომ ხუთი წლის განმავლობაში თვითკმარობამდე მივიდეთ. იმიტომ, რომ წლები სჭირდება ჰესების მშენებლობას, ეს არ არის ერთი ან ორი თვის ამბავი. აქედან გამომდინარე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დავიწყოთ მუშაობა უკვე გუშინ თუ არა, დღეს მაინც. იმისათვის, რომ სულ მინიმუმ 2030 წელს ან უახლოეს პერიოდში მაინც გავხდეთ თვითკმარი ქვეყანა. საბოლოო ჯამში, არ გამოგვივიდეს ისე, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ავაშენოთ და მხოლოდ და მხოლოდ [ელექტროენერგიის] გამტარის როლი გვქონდეს“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.
ცნობისთვის, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ GREDA-ს მიერ მომზადებული კანონპროექტი გულისხმობს ქონების და მიწის გადასახადის გარკვეული ნაწილის უშუალოდ იმ თემსა თუ სოფელში დარჩენას, სადაც გენერაციის ობიექტები ან/და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგალითად, ელექტროგადამცემი ხაზები შენდება.