გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ჩვენი ეკონომიკა აგრძელებს სტაბილურ განვითარებას და აქვს ძლიერი მაჩვენებლები, რამაც მოლოდინს გადააჭარბა და რითაც მსოფლიოში მდგრადობით გამოვირჩევით, 2021-2025 წლებში საქართველომ რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საშუალოდ 9.3-პროცენტიანი ზრდა აჩვენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის (BACEE) 51-ე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივებისადმი ძლიერი ნდობა აშკარა იყო წლევანდელი ევროობლიგაციების გამოშვებისას, სადაც საერთაშორისო მოთხოვნამ შეთავაზებას ხუთ-ნახევარჯერ გადააჭარბა.
„მინდა, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციისა და „ქართუ” ბანკის მიმართ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის.
წლების განმავლობაში, საერთაშორისო საბანკო კონფერენციამ თავი დაიმკვიდრა, როგორც საბანკო სექტორის ძირითადმა პლატფორმამ ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით. ის წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, როგორც საქართველოს საბანკო სექტორის, ასევე უფრო ფართო რეგიონული ფინანსური ლანდშაფტის წარმოსაჩენად.
ეს დისკუსიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბანკო სექტორისთვის, რომელიც ცენტრალურ როლს ასრულებს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერასა და პერიოდულად გამოვლენილ რისკებსა და გამოწვევებზე ეფექტურ რეაგირებაში.
გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ჩვენი ეკონომიკა აგრძელებს სტაბილურ განვითარებას და აქვს ძლიერი მაჩვენებლები, რამაც მოლოდინს გადააჭარბა და რითაც მსოფლიოში მდგრადობით გამოვირჩევით. 2021-2025 წლებში საქართველომ რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საშუალოდ 9.3-პროცენტიანი ზრდა აჩვენა.
საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივებისადმი ძლიერი ნდობა აშკარა იყო წლევანდელი ევროობლიგაციების გამოშვებისას, სადაც საერთაშორისო მოთხოვნამ შეთავაზებას ხუთ-ნახევარჯერ გადააჭარბა. ეს საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივებისადმი ძლიერ ნდობაზე მეტყველებს,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს