„კომერსანტის თემის“ ეთერში  ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ ფქვილის სავალდებულო მარკირების შესაძლო შემოღებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს.

ცოტა გაკვირვებულები ვართ, რადგან ვუყურებთ დაგვიანებულ ტემპს. ფქვილის სავალდებულო მარკირების თემა უკვე სრულადაა შეთანხმებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. შემდეგი ეტაპი კი არის ფინანსთა სამინისტრო, სადაც თვეების განმავლობაში მსჯელობა გაჩერებულია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. თავიდან როცა მათთან შეხვედრა გვქონდა, მთავარი კითხვა იყო გააძვირებს თუ არა სავალდებულო მარკირება ფქვილს, რაზეც ჩვენ შესაბამისად ვუპასუხეთ, კერძოდ, ერთი მარკის დატანის ღირებულება 50 კილოგრამიან ტომარაზე სულ რაღაც 3 თეთრია, რაც ფასებზე გავლენას არ მოახდენს.

შესაბამისად, ახლა ამ პროცესის ბოლომდე მისაყვანად, საჭიროა, ფინანსთა მინისტრმა გამოსცეს ბრძანება, რომ ფქვილის სავალდებულო მარკირება ჩაჯდეს იმ სიაში, სადაც ახლა არის ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების მარკირება“, - აცხადებს ლევან სილაგავა.

ინფორმაციისთვის, წისქვილკომბინატები ფქვილის სავალდებულო მარკირების დაწყებას ითხოვენ. მიზანი ბაზარზე ჩრდილოვანი სეგმენტის და ხორბლის არალეგალური გადამუშავების შემცირებაა. სექტორში არსებული ვითარების მოწესრიგების გარდა მოლოდინია, რომ მოსახლეობა უფრო ხარისხიან პროდუქტს მიიღებს.