ფოთის საზღვაო ნავსადგურმა გასულ წელს 73 864 ავტომობილი მიიღო, 2024 წელს კი – 73 783 ავტომობილი.

კომპანიის ინფორმაციით, გასულ 2025 წელს „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ რეკორდული რაოდენობის საკონტეინერო ტვირთი დაამუშავა.

რაც შეეხება 2026 წლის იანვრის მონაცემებს, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით მაჩვენებელი 15 პროცენტით არის გაზრდილი.

„2026 წლის იანვარში „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 54 527 TEU კონტეინერი დაამუშავა. 2025 წლის იანვარში 47 265 TEU, ხოლო 2024-ში – 42 588 კონტეინერი“ – ნათქვამია „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

ტერმინალის ინფორმაციით, იანვრის თვეში 34 პროცენტით გაიზარდა საკონტეინერო გემების მიღებაც: მიმდინარე წლის იანვარში „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 35 საკონტეინერო გემი მიიღო, 2024-2025 წლების იანვრის თვეში კი 26-26 საკონტეინერო გემი.

რაც შეეხება 2025 წლის 12 თვის მონაცემებს,„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 2025 წელს 362 საკონტეინერო გემი მიიღო, ხოლო 2024 წელს – 313 საკონტეინერო გემი. 

ამასთან, 2025 წელს დამუშავდა 636 466 TEU კონტეინერი, 2024 წლის 12 თვეში 545 297 TEU კონტეინერი, ხოლო 2023-ში 592 589 TEU კონტეინერი.

„ამ რაოდენობის ტვირთი ფოთის საზღვაო ნავსადგურს სხვა წლებში არ დაუმუშავებია,“ – აცხადებს „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“.

კომპანიის მიერ დამუშავებული გენერალური ტვირთების მონაცემები კი ასეთია:

2025 წელს 243 048 ტონა ტვირთი დამუშავდა, რაც 1%-ით დაბალი მაჩვენებელია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში.

2024 წელს დამუშავებული გენერალური ტვირთების რაოდენობა 245 748 ტონას შეადგენდა, 2023-ში კი – 302 763 ტონას.

გასულ წელს მომატებული იყო საბორნე გზით მიღებული ტვირთების ოდენობაც.

2025 წელს „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ საბორნე გზით 164 631 ტონა ტვირთი მიიღო, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 157 894 ტონა, 2023 წელს კი 96 434 ტონა.

შენიშვნა: TEU (ოცი ფუტის, ანუ ≈6,1 მეტრის ეკვივალენტური ერთეული) წარმოადგენს გლობალური კონტეინერების გადაზიდვის სტანდარტულ საზომ ერთეულს.

batumelebi.netgazeti.ge