ფოთის საზღვაო ნავსადგურმა 2025 წელს კონტეინერების ბრუნვის ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, რითიც კიდევ ერთხელ, შავი ზღვის რეგიონში, მიმზიდველი საკონტეინერო ნავსადგურების იმიჯი დაადასტურა, - ამის შესახებ ინფორმაციას სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი ავრცელებს.
TCRC-ს ინფორმაციით, 2025 წელს APM Terminals ფოთმა 636 ათასი TEU დაამუშავა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით მაღალი მაჩვენებელია (ცნობისათვის, დამუშავებულ კონტეინერებში როგორც ცარიელი, ასევე დატვირთული კონტეინერების ჯამი მოიაზრება).
რაც შეეხება ფოთის ნავსადგურის გამტარუნარიანობას, 2025 წლის დასაწყისისათვის იგი 550 ათას TEU-ს შეადგენდა.
"მოსალოდნელი გაზრდილი საკონტეინერო ნაკადის გასატარებლად ნავსადგურმა განახორციელა 15 მლნ დოლარის ინვესტიცია და დამატებითი 5 ჰექტარი ტერიტორიის მიერთების ხარჯზე, მოკლე ვადაში შეძლო 600 ათას TEU-მდე გაეზარდა გამტარუნარიანობა.
გამომდინარე იქიდან, რომ ნავსადგურს სადღეისოდ არ გააჩნია გაფართოების რესურსი, ცნობილია, რომ 2018 წლიდან სახელმწიფოს მხრიდან ნავსადგურის გაფართოებისთვის დამატებითი მიწის გამოყოფის საკითხი დამუხრუჭებულია, თავის მხრივ უკვე 2025 წლის მდგომარეობით – APM ს, ძირითად დოკუმენტზე მუშაობა დასრულებული აქვს და მთავრობის რეაგირებას ელოდება.
ნავსადგურის მენეჯმენტმა, მოსალოდნელი გაზრდილი საკონტეინერო ნაკადის დაუბრკოლებლად გასატარებლად, აქცენტი ნავსადგურის შიდა რესურსების ეფექტიან გამოყენებაზე გადაიტანა, რაც პირველ რიგში გემების დამუშავების დროის შემცირების ხარჯზე არსებული სიმძლავრეების გაზრდას ითვალისწინებდა.
შიდა რესურსების ეფექტიანი გამოყენების ხარჯზე ნავსადგურმა შეძლო 2025 წელს გადამეტებული საკონტეინერო ნაკადის, იგულისხმება 636 ათასი TEU-ს, გადამუშავება, რაც 6%-ით აჭარბებს ნავსადგურის საკონტეინერო სიმძლავრეს.
შიდა რესურსებით ნავსადგურის სიმძლავრის გაზრდის შემდგომი ნაბიჯი დამატებითი ამწეების დაყენებას ითვალისწინებს, რაც საშუალებას მისცემს, წარმადობის ხარჯზე გაიზარდოს გემების დაცლა-დატვირთვის ოპერაციები.
ნავსადგურის სიმძლავრის გაზრდის შესაძლებლობა საზღვაო სერვისების, პირველ რიგში ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტების ბრუნვის დაჩქარებას ითვალისწინებს. კერძოდ, საუბარია დოკუმენტების ატვირთვის შემდგომ გემის დაყოვნების დროის შემცირებაზე.
ნავსადგურის სიმძლავრეების შემდგომი გაზრდის ერთ-ერთ ღონისძიებად შემოსასვლელი არხისა და ნავმისადგომების სინქრონული დაღრმავება განიხილება, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მაღალი წყალწყვის გემების მიღება.
ნავსადგურის სიმძლავრის გაზრდის ერთ - ერთ მნიშვნელოვან რეზერვს რკინიგზასთან ინფრასტრუქტურული ურთიერთდამოკიდებულების გაუმჯობესება წარმოადგენს, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ნავსადგურიდან გასატანი და მისაღები შემადგენლობების ფორმირების დაჩქარება.
ფოთის ნავსადგურის მომსახურე საზღვაო ხაზებისთვის, შუა დერეფნის გასწვრივ კონტეინერების სახმელეთო გადაზიდვების დროის შემცირება, საკონტეინერო ნაკადის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ერთობლიობაში, ინფრასტრუქტურული ღონისძიებებითა და შიდა რესურსებით ნავსადგურის სიმძლავრის გაზრდის შედეგად შესაძლებელი იქნება, ნავსადგურის დადგმული სიმძლავრის 650 TEU-მდე გაზრდა", - წერია TCRC-ს ინფორმაციაში.