6-7 ნოემბერს „ExpoGeorgia“-სა და GREDA-ს ორგანიზებით თბილისში ენერგეტიკის ორდღიანი საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი – GEEF 2025 გაიხსნება, რომელიც ენერგეტიკული სექტორის ყველა მნიშვნელოვან წარმომადგენელს ერთი პლატფორმის ქვეშ გააერთიანებს.
საერთაშორისო ფორუმი ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ სპიკერებს სახელმწიფო სექტორიდან და კერძო კომპანიებიდან. როგორც GREDA-ს სტრატეგიული განვითარებისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი ირინა ქომეთიანი აცხადებს, ფორუმის მიზანი ენერგეტიკული პოლიტიკის, რეგულაციების, ინვესტიციების და ტექნოლოგიური ინოვაციების შესახებ დისკუსიის გაღრმავებაა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული ტრანზიციის პროცესს.
„საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი - GEEF წარმოადგენს პირველ მასშტაბურ ღონისძიებას საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს როგორც ფორუმს, ისე გამოფენას, რითაც ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას როგორც ენერგეტიკის სექტორის პროფესიონალებისთვის, ისე ფართო საზოგადოებისათვის. ღონისძიება პირველად 2024 წელს ჩატარდა GREDA-სა და ExpoGeorgia-ს ორგანიზებით და ამ ფორმატით უკვე ჩამოყალიბდა როგორც ყოველწლიური, რეგიონული მასშტაბის პლატფორმა.
GEEF 2025-ის მიზანია ენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა რგოლის - სახელმწიფოს, ბიზნესის და საერთაშორისო ორგანიზაციების გაერთიანება ერთ სივრცეში, სადაც მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა იმსჯელონ სექტორის განვითარებაზე, არსებულ გამოწვევებსა და ახალ შესაძლებლობებზე.
ასეთი ფორმატის შეხვედრები ქმნის ნიადაგს ცოდნისა და ინოვაციური ხედვების გაზიარებისთვის. ჩვენ ველით, რომ ფორუმი ხელს შეუწყობს ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებას, და რეალურად დააჩქარებს განახლებადი ენერგიის განვითარების პროცესს საქართველოში“.- აღნიშნა ირინა ქომეთიანმა.
ირინა ქომეთიანის თქმით, ფორუმი იძლევა შესაძლებლობას უცხოელი ინვესტორები დეტალურად გაეცნონ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის პოტენციალს, შეხვდნენ უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამომავლო ინვესტიციების განხორციელებას სექტორში.
„ფორუმზე დასწრებას გეგმავენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, ფორუმის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს სწორედ ის, რომ მათ მიიღონ პირდაპირი ინფორმაცია სექტორის რეგულაციებზე, მიმდინარე პროექტებსა და ინვესტიციის ახალ შესაძლებლობებზე, ასევე, ინვესტორებს ექნებათ შესაძლებლობა, პირადად შეხვდნენ გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და კომპანიების ხელმძღვანელებს, ეს გარემოება მნიშვნელოვნად ამარტივებს ურთიერთობების დამყარებას და პოტენციური პროექტების განხილვის პროცესს, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე უცხოური ინვესტიციების მოზიდვას“.- აცხადებს GREDA-ს სტრატეგიული განვითარებისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი ირინა ქომეთიანი
როგორც ცნობილია, ფორუმზე დასწრება საზოგადოებისთვისაც შესაძლებელი იქნება. ირინა ქომეთიანის თქმით, აღნიშნულ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოება დეტალურად გაეცნობა ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მწვანე ენერგეტიკის განვითარება მათ კეთილდღეობაზე.
„მიგვაჩნია, რომ ენერგეტიკული ტრანზიცია მხოლოდ სექტორის შიგნით მიღებული გადაწყვეტილებებით არ ხორციელდება, ის მოითხოვს საზოგადოების აქტიურ ჩართულობას. სწორედ ამიტომ, საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.
ფორუმისა და გამოფენის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ მწვანე ენერგიის თანამედროვე ტექნოლოგიებს, მოისმინონ წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებისგან განახლებადი ენერგიის უახლესი ინოვაციების შესახებ და უკეთ გაიგონ, თუ რა უპირატესობები გააჩნია მწვანე ენერგიას.
ჩვენი მთავარი მიზანია, დამსწრე საზოგადოებას დავანახოთ, როგორ უკავშირდება მწვანე ენერგეტიკა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას - ეკონომიკურ განვითარებას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვას“.- ამბობს ირინა ქომეთიანი.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ფორუმზე განსახილველი იქნება ხუთი მთავარი თემა:
– „სტრატეგიიდან ქმედებამდე“ – მხარდამჭერი რეგულაციების როლი განახლებადი ენერგიის განვითარებაში;
– „მწვანე ტრანზიციის დაფინანსება“ – ინსტრუმენტები, რისკები და შემოსავლიანობა;
– „მზის ენერგია საქართველოში“ – ინოვაციები, შენახვის სისტემები და ქსელში ინტეგრაცია;
– „ჰიდრო და ქარის ენერგია ენერგეტიკული მდგრადობისთვის“;
– „მწვანე წყალბადი და ბიოსაწვავი“ – საქართველოს შესაძლებლობები ახალი საწვავის ეპოქაში.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ფორუმის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილონ საიტზე https://energyexpo.ge/ka/services/ და ასევე, დასწრების სურვილის შემთხვევაში გაიარონ რეგისტრაცია https://shorturl.at/46hkQ
energyexpo.ge