ფინანსისტი აკაკი ცომაია სოციალურ ქსელში Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიას ეხმაურება.

მისი თქმით, პრემიერის რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ფაქტობრივად დადასტურდა, რომ Eagle Hills-ის პროექტი ჯამურად ორივე მხარისთვის წამგებიანია.

„ფაქტობრივად დადასტურდა, რაზეც ეჭვი გვქონდა. პროექტი მომგებიანი კი არა წამგებიანია ან/და $6.6 მილიარდი ბოლია.

დადასტურდა, რომ პროექტის $6.6 მილიარდის ნაწილი (ჯერ უცნობი ცვლადია) წინასწარი გაყიდვების შემოსავლებიდან იფარება. ანუ, მომავალი რეინვესტირებული მოგება არის მომავალი საინვესტიციო ნაკადი, რომელშიც სახელმწიფოს წილი 30%-ია და ეს წინასწარვე განისაზღვრა სახელმწიფო მიწების ღირებულებით, მაგრამ არ ვიცით, რამდენია იგლ-ჰილზის კონტრიბუცია. თუმცა, მიხვედრა შეგვიძლია პროექტის სიცოცხლის განმავლობაში (10 წელი მისი თქმით), საქართველოს მხარის დივიდენდის ჯამური არადისკონტირებული ღირებულება 2 მლრდ ლარი იქნება, ე.ი. ვერ ამოიღებს ჩადებულ ინვესტიციას $6.6*0,3. ორივე მხარის მთლიანი მოგების არადისკონტირებული ღირებულება 6.6 მილიარდი ლარი გამოდის (2/0.3), მაგრამ მთლიანი ინვესტიცია ხომ $6.6 მილიარდი დოლარია? პროექტი ჯამურად ორივე მხარისთვის წამგებიანია.

შესაბამისად, მეორე მხარის ჯამური მოგების არადისკონტირებული ღირებულება 4.4 მილიარდი ლარი გამოდის.

თუმცა, მეორე მხარე პროექტს ხომ მხოლოდ იმ შემთხვევაში განახორციელებს, თუ ის მომგებიანია? გამოდის, რომ მაქსიმუმ $1 მილიარდი დოლარის მსხვერპლის გაღება შეუძლია, მაგრამ მაშინ მიწის ღირებულების გათვალისწინებით, ქართული მხარის მონაწილეობა 30%-ს ბევრად აღემატება რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ჯამური ინვესტიცია ვერ ცდება $2 მილიარდ დოლარს და ესეც ძალზე გადაჭარბებული შეფასებით, რაც წელიწადში $200 მილიონია ეკონომიკაში და ამის გასაღება სურთ არამც თუ წარმატებად, არამედ გრანდიოზულ პროექტად წარმოჩენა.

საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის მიმატება კი უკვე ბელეტრისტიკაა და სხვა არაფერი, რადგან მხოლოდ ფაქტის კონსტანტაციაა, რომ ინვესტიცია ქმნის დამატებულ ღირებულებას. ბევრი საინვესტიციო პროექტი შეიძლება განხორციელებულიყო აღნიშნულ მიწებზე. ამ პროექტიდან საბიუჯეტო შემოსავლები სასრულია. 10 წლის მერე ნაკადი წყდება. თუმცა, სხვა საინვესტიციო პროექტიდან, მაგალითად საწარმოდან, საბიუჯეტო შემოსავლების ნაკადი უსასრულო იქნებოდა“, - წერს აკაკი ცომაია.

ცნობისთვის, პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ Eagle Hills-ის პროექტის ფარგლებში გონიოსა და კრწანისში მშენებლობას მოხმარდება 6,6 მლრდ დოლარი, საიდანაც ნაწილი იქნება მყიდველებიდან, მათ შორის ქართველი მყიდველებიდან ამოღებული თანხები. მან პროექტის შესახებ „იმედის“ ეთერში დებატებისას ისაუბრა.

„რაც შეეხება Eagle Hills-ის პროექტს, საერთო ინვესტიცია არის 6,6 მლრდ დოლარი. საუბარია იმაზე, რომ მთლიანობაში ამ ორი სივრცის მშენებლობას გონიოში და კრწანისში მოხმარდება 6,6 მლრდ დოლარი. აქედან ნაწილი იქნება მყიდველებიდან, მათ შორის ქართველი მყიდველებიდან ამოღებული თანხები. რაც შეეხება 16 000-ს ეს არის მარტო ბინები და სახლები, რომლებიც გაიყიდება. როგორიც არის დუბაი, თავისი საცხოვრებელი კორპუსებით, სასტუმროებით, ტურისტული, რეკრეაციული და კომერციული სივრცეებით, ანალოგიური ტიპის სივრცეების განაშენიანებაზეა საუბარი. შესაბამისად, დანახარჯებში ამ სახლების და ბინების წილი არის მხოლოდ განსაზღვრული. საუბარია სასტუმროების მშენებლობაზე. ერთი ნომრის ინვესტიცია იწყება 500 000 დოლარიდან. მინიმუმ ნახევარი მილიონი დოლარი სჭირდება სათანადო სტანდარტების სასტუმროს, ერთ ნომერზე. შესაბამისად, აქ ძალიან დიდი ინვესტიციები იდება მარტო სასტუმროების ნაწილში. ამას ემატება საოფისე, სავაჭრო, გასართობი, სპორტული და სხვა კომერციული სივრცეები. რაც შეეხება გონიოს ე.წ. „მარინას“ მარტო ამის განვითარებას სჭირდება ასეულობით მილიონი ლარი. ჩვენ ამ სივრცის მოწესრიგებაზე, კრწანისის პარკის რეაბილიტაციაზე რომ გვეზრუნა, მხოლოდ ამას სჭირდებოდა 150 მილიონი ლარი. ამ 6,6 მილიარდ დოლარს ქმნის ამ კომპონენტების ერთობლიობა. განაშენიანებაში იგულისხმება სახლები, ბინები, სასტუმროები, საოფისე, სავაჭრო, გასართობი, სპორტული, კომერციული სივრცეები. რაც შეეხება ეფექტს, მარტო მშენებლობის პროცესში 24 000-ზე მეტი იქნება დროებითი სამუშაო ადგილი, 8 000-ზე მეტი იქნება უკვე მუდმივი სამუშაო ადგილი. ეკონომიკაში ამ პროექტის შედეგად შემოვა 11 მილიარდი ლარი, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. დღეს ჩვენი ეკონომიკა არის 104 მილიარდი ლარი და წარმოიდგინეთ, ერთი ინვესტიცია შეგვმატებს 11 მილიარდ ლარს. რაც შეეხება ბიუჯეტში შენატანებს, წლიურად, გადასახადების სახით შემოვა 500 მლნ ლარი და ამას დაემატება 200 მილიონი ლარი, რაც არის ჩვენი დივიდენდი. ჩვენ გვეკუთვნის მესამედი მოგებიდან, შესაბამისად, 200 მილიონი არის ყოველწლიური წილი, რაც ათ წელიწადზეა გადანაწილებული. თუ უფრო მალე მოხდება ამ ყველაფრის დასრულება, უფრო მალე შემოვა ეს ყველაფერი, მაგრამ ჯამში, საუბარია 10 წელზე გადანაწილებულ 700 მლნ ლარზე. შესაბამისად, ბიუჯეტში შემოვა 7 მილიარდი ლარი ამ პროექტის განხორციელების შედეგად წლების განმავლობაში.

შედეგად, იქნება უმაღლესი სტანდარტების სივრცეები, რაც აკლია ჩვენს ქვეყანას. გამწვანების მასშტაბები გაიზრდება, პროექტი ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. დუბაი ამის ძალიან კარგი მაგალითია. როდესაც იქმნება უმაღლესი სტანდარტების სივრცეები, არა მხოლოდ ვიზიტორების რაოდენობა იზრდება ქვეყანაში, თვითონ ხარჯვის მოცულობაც იზრდება.

ბევრ დეველოპერთან მისაუბრია და ყველა ბედნიერია ამ ინვესტიციის შემოსვლით, ეს იწვევს ძალიან დიდ დაინტერესებას ქვეყნის მიმართ და სხვა ინვესტორებსაც შეუქმნის სტიმულს, რომ შემოვიდნენ საქართველოში. მე არც ერთი დეველოპერი არ ვიცი, რომელიც უკმაყოფილოა იმით, რომ Eagle Hills-ი შემოდის საქართველოში, პირიქით, საკუთარ შანსს ხედავენ ამ ინვესტიციაში, რომ მათი გაყიდვებიც დამატებით წახალისდება“, - განაცხადა პრემიერმა.