ევროკომისია საქართველოს 2026 წლის ანგარიშში ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და ეროვნული ბანკის მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებს დადებითად აფასებს. შეფასების მიხედვით, საქართველოს მაკროეკონომიკურ მდგრადობას ხელს უწყობს ძლიერი ფისკალური მაჩვენებლები და ჯანსაღი მონეტარული პოლიტიკა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

სებ-ის ცნობით, ევროკომისია დადებითად აფასებს მონეტარულ პოლიტიკას და აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ინფლაციის დაჩქარება ძირითადად ენერგორესურსებზე გლობალური ფასების ზრდამ და მიწოდების სხვა შოკებმა განაპირობა.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ქვეყნის საგარეო პოზიციის გაძლიერებაზე, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებასა და საერთაშორისო რეზერვების ზრდაზე. კერძოდ, 2026 წლის ივლისში საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 8.1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით განსაზღვრული ადეკვატურობის მაჩვენებლის 128%-ს შეადგენს.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს საბანკო სექტორი მდგრადობას ინარჩუნებს. 2026 წლის აპრილის მდგომარეობით, უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში 2.6% იყო, კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტი – 22.2%, ხოლო კაპიტალზე უკუგება (ROE) – 21.9%. ამასთან, დადებით ტენდენციად არის შეფასებული დეპოზიტების დოლარიზაციის 3 პროცენტული პუნქტით, 48.6%-მდე შემცირება.

ანგარიშში ასევე დადებითად არის შეფასებული ფინანსური სექტორის რეგულირებისა და ზედამხედველობის მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები. მათ შორის, ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესული ცვლილებები, რომლითაც სებ-ს ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებზე პრუდენციული ზედამხედველობის უფლებამოსილება მიენიჭა. ამასთან, მიღებულია სტაბილკოინებისა და ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგულაციები, რომელთა მიზანი ევროკავშირის კრიპტოაქტივების ბაზრების რეგულირების (MiCA) სტანდარტებთან დაახლოებაა.

ევროკომისია ასევე აღნიშნავს საბანკო სექტორის მდგრადობის გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის, სისტემური ბანკებისთვის საკუთარი სახსრებისა და დაშვებული ვალდებულებების მინიმალური მოთხოვნის (MREL) 10%-დან 15%-მდე ზრდას და კომერციული ბანკების მიერ სარეზოლუციო ფონდში შენატანების დაწყებას.

დადებითად არის შეფასებული მდგრადი ფინანსების განვითარების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივებიც. კერძოდ, 2026 წლის იანვარში ამოქმედდა მწვანე სესხების მონაცემთა პანელი, ხოლო თებერვალში – გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის განახლებული ფორმა.

ანგარიშში ყურადღება ეთმობა საგადახდო მომსახურების მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებას, ფინანსური სექტორის ზედამხედველობის გაძლიერებასა და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებსაც.

ამასთან, ევროკომისიის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში გაფართოვდა საქართველოს კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი. შვიდი ადგილობრივი ემიტენტის მიერ გამოშვებული 13 საჯარო კორპორაციული ობლიგაციის შედეგად, მიმოქცევაში არსებული ობლიგაციების მოცულობამ მშპ-ის დაახლოებით 2.5% შეადგინა. ასევე აღნიშნულია 2026 წლის მარტში მიღებული კანონი „ფაქტორინგის შესახებ“, რომელიც მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის დამატებითი ინსტრუმენტის შექმნას ისახავს მიზნად.

მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს არასაბანკო საფინანსო სექტორი კვლავ მცირეა. შესაბამისად, ქვეყნის შემდგომ პრიორიტეტებად კაპიტალის ბაზრისა და სადაზღვევო სექტორის განვითარება სახელდება, რაც ფინანსური სისტემის დივერსიფიკაციასა და დაფინანსების ალტერნატიული წყაროების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.