2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან საქონლის უმსხვილეს ექსპორტიორებს შორის არიან „ბლექ სი პეტროლიუმი“, „აიდიეს ბორჯომი საქართველო“, „არ ემ ჯი კოპერი“ და „რუსთავის აზოტი“. ამის შესახებ საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მიუთითებს.

მონაცემების მიხედვით, ადგილობრივი და მთლიანი ექსპორტის უმსხვილესი ათეული დიდწილად ემთხვევა ერთმანეთს. კერძოდ, ორივე რეიტინგში რვა კომპანია მეორდება: „აიდიეს ბორჯომი საქართველო“, „არ ემ ჯი კოპერი“, „რუსთავის აზოტი“, „არ ემ ჯი გოლდი“, „აჭარა ტექსტილე“, „ბლექ სი პეტროლიუმი“, „ესაითისი სოლუშენსი“ და „კავკასიან მეტალს ტერმინალი“.

ამასთან, ათეულებს შორის ორი განსხვავებაა. ადგილობრივი ექსპორტის უმსხვილეს ექსპორტიორებს შორის არიან „არ ემ ჯი აურამაინი“ და „უნიონ ექსპორტი 2024“, ხოლო მთლიანი ექსპორტის ათეულში მათ ნაცვლად „ტოიოტა კავკასია“ და „ჯეი თი აი კავკასუსი“ მოხვდნენ. ეს უკანასკნელი კომპანიები ძირითადად რეექსპორტზე მუშაობენ.

საქსტატის განმარტებით, ადგილობრივი ექსპორტი საქართველოში წარმოებული ან გადამუშავებული საქონლის საზღვარგარეთ გატანას გულისხმობს, მთლიანი ექსპორტი კი ადგილობრივ ექსპორტთან ერთად რეექსპორტსაც მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ექსპორტის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი „ბლექ სი პეტროლიუმს“ აქვს შეტანილი, რაც ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედებას უკავშირდება. საწარმო იმპორტირებულ ნედლ ნავთობს საქართველოში გადაამუშავებს, მიღებული ნავთობპროდუქტები კი ექსპორტზე გააქვს.

წყარო: bm.ge