როგორც ყველასთვის ცნობილია, საქართველოში ელექტროენერგეტიკული ბირჟის გახსნა 7-ჯერ გადავადდა. ამ დროის მოცემულობით, ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედება 2027 წლის 1 ივლისს უნდა მოხდეს.

„კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ განაცხადა, რომ კერძო სექტორისთვის ბირჟის ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ბიზნესს მისცემს შესაძლებლობას უფრო მეტი პროგნოზი გააკეთოს ფასთან და ენერგიის გასაყიდ რაოდენობასთან დაკავშირებით.

ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედება სექტორს უფრო მეტ გამჭირვალობასა და სანდოობას შესძენს. ასევე გაჩნდება შესაძლებლობა ახალი ინვესტორებისთვის იმისათვის, რომ შემოვიდნენ ბაზარზე და ბუნებრივია ეს პროცესი კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელს უფრო მეტად გაზრდის.

ჩვენ, მაგალითად, გაგვიგია, რომ გერმანიაში ელექტროენერგიის ფასები ხანდახან მინუსებშიც კია.  სწორედ ეს არის გამომწვევი მიზეზი ბირჟაზე ვაჭრობის. როდესაც მიწოდება ენერგიის აჭარბებს მოთხოვნას, ამ დროს  ფასი მოდის ქვემოთ და პირიქით, როცა დეფიციტურია ელექტროენერგია, მაშინ იზრდება. სწორედ ეს ვაჭრობის მოცემულობა, ვგულისხმობ დღის შიგნით, დღით ადრე, საათობრივად, არის ძალიან მნიშვნელოვანი კერძო სექტორისთვის, რათა მათ უზრუნველყონ ფასის პროგნოზირება“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.