საქართველოს მთავრობა თურქეთთან ელექტროენერგიის გაცვლის - ე.წ. ბარტერის მექანიზმს აამოქმედებს. შესაბამისი ცვლილებები „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილი 21 მაისის ბრძანებით შევიდა.

„კომერსანტის თემის“ ეთერში GREDA-ს იურისტი ლევან კოკაია აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილებები სეზონური ინსტრუმენტის ხასიათს ატარებს, რომლის მიზანიც ენერგოსისტემის ბალანსია.

ეკონომიკის მინისტრის ბრძანები განსაზღვრული სიახლის მთავარი მიზანი არის ის, რომ საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურობის დაცვა მოხდეს იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაში ელექტროენერგიის სიჭარბე წარმოიქმნება. მიმდინარე წლის მაისსა და ივნისში განსაკუთრებით მაღალი იქნება ჰიდროენერგიის გამომუშავება, შედეგად სისტემაში გაჩნდება ჭარბი ენერგია, რაც ტექნიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით გარკვეულ რისკებს ქმნის.

ამ ბრძანებით შესული ცვლილებებით სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ  თურქეთში განახორციელოს ენერგიის ე.წ ბარტერული ექსპორტი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დღეს ექსპორტირებული ენერგია ჩვენ უკან დაგვიბრუნდეს შემოდგომაზე, იმ პერიოდში, როცა საქართველოში ენერგიის დეფიციტი წარმოიქმნება. ეს არის ერთგვარი სეზონური ენერგეტიკული გაცვლა, რაც ენერგოსისტემის ბალანსის დროებით სეზონურ ინსტრუმენტადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. ეს არის მცდელობა, რომ ენერგიის სიჭარბიდან გამომდინარე დანაკარგების ერთგვარი ჩანაცვლება მოხდეს“. -განაცხადა ლევან კოკაიამ.

ლევან კოკაია ასევე აღნიშნავს, რომ მოცემული ცვლილებები ინვესტორებისთვისაც გარკვეული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან მათთვის ბაზარს უფრო პროგნოზირებადს ხდის.

„ინვესტორებისთვის ერთ-ერთი საყურადღებო ფაქტორი არის ბაზრის პროგნოზირებადობა.  სიჭარბიდან მომდინარე შესაძლო დანაკარგების მე წინასწარ ინფორმირებული უნდა ვიყო თუ მე ვარ პროფესიონალი ინვესტორი.  მე თუ ვიცი, რომ ეს დანაკარგი მომავალში სეზონურად მექნება და ვხედავ, რომ სახელმწიფოს მცდელობაა ამ დანაკარგის გარკვეული ბარტერული კომპესირება მოხდეს ჩემს სასარგებლოდ, ეს ცუდი ნამდვილად არ არის და  პირიქით, პოზიტიურია“. - განაცხადა GREDA-ს იურისტმა ლევან კოკაიამ.

ლევან კოკაია ასევე აცხადებს, რომ ჭარბი ენერგიის მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ენერგიის დამაგროვებელი სისტემებისა და ჰიდრომააკუმულირებელი სადგურების განვითარება.

„ელექტროენერგიის ჭარბი გენერაციის ეფექტიანი მართვა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ენერგიის დაგროვებისა და შენახვის ტექნოლოგიების განვითარებაზე. მზისა და ქარის ელექტროსადგურების შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ენერგიის დამაგროვებელი სისტემების (Energy Storage Systems – ESS) და ბატარეების დანერგვას, რაც დღის განმავლობაში სწრაფი ლოკალური დაბალანსების შესაძლებლობას ქმნის. რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურებს, ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტუალურია ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგურების (Pumped Storage Hydropower – PSH) განვითარება. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი როლი ინვესტორების ინტერესსა და ჩართულობას ეკისრება. თუ მათი მხრიდან გაიზრდება ინტერესი ენერგიის დამაგროვებელი სისტემებისა და ჰიდრომააკუმულირებელი სადგურების განვითარების მიმართ, ეს ელექტროენერგეტიკული სისტემის საერთო დაბალანსების პროცესში მნიშვნელოვან შეღავათებსა და ხელშესახებ შედეგებს მოგვცემს“. - აცხადებს ლევან კოკაია.