"ბრიტანულ-ქართული აკადემიის" გარშემო მიმდინარე დავაში, ეკონომიკური ლოგიკა და რეპუტაციული განზომილების ანალიზიც მნიშვნელოვან კითხვებს ბადებს", - ამბობს მედიასთან საუბრისას ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე. ის აღნიშნავს, რომ "საქართველოს კაპიტალი" წარმოადგენს მსხვილ საინვესტიციო ჰოლდინგს, რომელიც ლონდონის ბირჟაზეა დალისტული და რომლის პორტფელის მოცულობა, 2026 წლის მდგომარეობით, 5  მილიარდ ლარს აღემატება. 

"ღია წყაროებით გავრცელებული ინფორმაციით და ნათია ჯანაშიას მხარის არაერთი დადასტურების შედეგად, ვიცით, რომ 2019 წელს ბრიტანულ-ქართული აკადემიის 70-პროცენტიანი წილი 29.3 მილიონ ლარად გაიყიდა, რაც სრული საწარმოს ღირებულებას (enterprise value), დაახლოებით 41,8 მილიონი ლარის ფარგლებში განსაზღვრავს. კომპანიის ღირებულება, მას შემდეგ, რაც ის „საქართველოს კაპიტალის“ შვილობილმა იყიდა, რასაკვირველია, 2019 წლიდან დღემდე, რამდენჯერმე გაიზრდებოდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მცირედით თუ მიახლოვდებოდა „საქართველოს კაპიტალის“ მთლიანი პორტფელის 1%-ს. აღნიშნული პროპორციული შეფასება გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს მინორიტარი აქციონერის ბრალდებების კრიტიკული განხილვისათვის. 
წარმოებული კამპანიის ფარგლებში, ნათია ჯანაშიამ არაერთხელ განაცხადა, რომ "საქართველოს კაპიტალმა" გარიგება თავდაპირველადვე "კორპორაციული მიტაცების" სქემის ფარგლებში დაგეგმა და დაპირებული ინვესტიციები განზრახ არ შეასრულა.

თუმცა ამ ნარატივს საფუძველი ეცლება, როცა რამდენიმე ფუნდამენტური ეკონომიკური არგუმენტის წინაშე დგება. პირველ რიგში, რაციონალურად მოქმედი სუბიექტის გადასახედიდან, ძნელია განმარტება, თუ რატომ გაიღებდა 5-მილიარდიანი პორტფელის მფლობელი კომპანია ლონდონის სასამართლო პროცესების ხარჯებს, საჯარო სკანდალის შედეგად წარმოქმნილ რეპუტაციურ დანაკარგებსა და ოპერაციულ სირთულეებს "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" სახით, ასეთი აქტივის "მიტაცების" მიზნით — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ შედეგის მიღწევა უმარტივესად იქნებოდა შესაძლებელი გაცილებით ნაკლები ხარჯით? ესაა მთავარი კითხვა.
ამ მოცემულობის გააზრების შემდეგ ნათელი ხდება, რომ ნათია ჯანაშიას ნარატივი მხოლოდ ინვესტორისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების მცდელობას წარმოადგენს და არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. მკაფიოდ გამოჩნდა, თუ რატომ არ გამოაქვს დავის შინაარსი ჯანაშიას მხარეს საზოგადოების ფართო განსჯისთვის, რატომ არ ასახელებს არცერთ კონკრეტულ მაგალითს, ან კონკრეტულ მონაცემს, რომელიც მის სიმართლეში დაარწმუნებდა საზოგადოებას. ჯანაშია-ცეცხლაძის 2-წლიანი მედია აქტივობის და წარმოებული კამპანიის მიზანი კონკრეტული კორპორაციული დავა და მასში გამარჯვება არ/ვერ არის. რადგან თავადვე იციან, რომ ამ დავას ბრიტანეთშიც და საქართველოშიც, დიდი ალბათობით, უიმედოდ წააგებენ. მათი მიზანი შეუსრულებელი აღმოჩნდა, რადგან მათ ვერ გათვალეს, რომ მედია ზეწოლისა და სხვა არასამართლებრივი მექანიზმებით ლონდონში დალისტულ ღია და გამჭვირვალე კომპანიაზე ვერ იმოქმედებენ", - აღნიშნავს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე.