ენერგეტიკაში ინვესტორს პროექტის განსახორციელებლად მრავალი უწყების ნებართვა სჭირდება, რაც პროცესს წლობით აჭიანურებს. გამოსავალი ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვაა - ამის შესახებ BMG-სთან ინჟინერიისა და მშენებლობის კომპანია „ბემონის“ მმართველი პარტნიორი გიორგი მირცხულავა საუბრობს.
მისი თქმით, ბიუროკრატიული ბარიერების გამო, ბიზნესისთვის ოპერირება საკმაოდ რთულია. ჯარიმების ნაწილი, რომლის ჩამოწერის შესახებაც მთავრობამ განაცხადა, ინვესტორებს სწორედ გაჭიანურებული ბიუროკრატიის გამო დაუგროვდათ.
"მილიარდიანი ჯარიმების ჩამოწერაში გარკვეული ნაწილი იყო სწორედ ის, რომ პატიოსანი ინვესტორი ეჯახებოდა სხვადასხვა პრობლემებს ნებართვების აღების კუთხით, უგროვდებოდა ჯარიმები, იმიტომ რომ მისი მემორანდუმი ან ხელშეკრულება ჯარიმას ითვალისწინებდა, თუ რაღაც ეტაპებზე არ გადავიდოდა. სინამდვილეში, შეიძლება, სწორედ ამ ეტაპზე იყო გაჩერებული პროექტი და რომელიღაც სამინისტროს, სხვა მიმართულების ფიზიკური ნებართვა გვიანდებოდა. ამიტომ დარგში აუცილებელია ერთი ფანჯრის პრინციპის შექმნა.
როდესაც ინვესტორი მიიღებს, ტექ-პირობას, ნებართვას, მემორანდუმს თუ ხელშეკრულებას, დარგში აუცილებელია ერთი ფანჯრის პრინციპის შექმნა, რათა ინვესტორმა ყველა სახელმწიფო ორგანოსთან კომუნიკაცია გამარტივებულად შეძლოს. თუ თქვენ 12 ნებართვა გჭირდებათ და 9-ს მოგცემენ, თქვენთვის არაფერი იცვლება - პროექტს ვერ იწყებთ” - ამბობს გიორგი მირცხულავა BMG-სთან.
"ქართული ოცნების" პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმა, რომლის ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია.