საქართველოში დაახლოებით 70%-იანი რძის დეფიციტი გვაქვს. ამას ანაცვლებს რძის ფხვნილი და მზა პროდუქტები, რომელთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია, - განაცხადა რადიო „კომერსანტის“ ეთერში მერძევეთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძემ.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში რძის იმპორტი მკვეთრად არის გაზრდილი. კერძოდ, თუ 2019 წელს რძის იმპორტი 7,500 ტონას შეადგენდა, 2025 წლის 10 თვის მონაცემებით მაჩვენებელი 16,000 ტონამდეა გაზრდილი, რაც ძირითადად პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან და ბელორუსიიდან იმპორტის ზრდით არის განპირობებული.

როგორც ნიკოლოზ ბენიაიძე განმარტავს, ქვეყანაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება და პარალელურად, მცირდება რძის რაოდენობაც.

„ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ის, რომ ადგილობრივი წარმოება არაკონკურენტულ გარემოშია. ვგულისხმობ, რომ იაფი ფხვნილი ფაქტობრივად დემპინგურ ფასად შემოდის. კონკრეტულ ქვეყნებში არის დიდი ხელშეწყობა და ჭარბი რძე, რომელიც შემდგომში ფხვნილის სახით შემოედინება ჩვენნაირ ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი წარმოება გაძვირებულია იმიტომ, რომ ყველაფერი გაძვირდა და როცა რძეზე ვსაუბრობთ, საჭიროა მაღალპროდუქტიული პირუტყვი, რომელიც 2000 ევრომდე ღირდა, ახლა კი 3000 ევროს ასცდა“, - განმარტავს ნიკოლოზ ბენიაიძე.

მისივე თქმით, არსებობს მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამა, რომელიც ახალი ფერმების 5-10 მილიონამდე დაფინანსებას ითვალისწინებს, მაგრამ ახალი გამოწვევაა ფასების მკვეთრი ზრდა - მაღალპროდუქტიული პირუტყვი ევროპაშიც ძალიან გაძვირებულია. ამასთან, ზოგად სიტუაციას დაემატა დაავადებებიც, განსაკუთრებით, თურქული, რამაც პირუტყვის პროდუქტიულობა შეამცირა როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში.