,,Eagle Hills Georgia არის ძალიან კონკრეტული ინვესტიცია ძალიან კონკრეტულ დარგში - უძრავი ქონების ბაზარში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ განვითარებულია და ძალიან მაღალი კონცენტრაციაა",- ამის შესახებ ეკონომისტმა ნიკოლოზ ალავიძემ "კომერსანტთან" ინტერვიუში ისაუბრა.
ალავიძე აღნიშნავს, რომ უძრავი ქონების ბაზარზე "ემაარ ჰილსის" ახალი მასშტაბური ინვესტიცია მნიშვნელოვან შესაძლებლობებთან ერთად სერიოზულ სისტემურ რისკებსაც ქმნის.
მისი თქმით, დარგში რესურსების გადაჭარბებულმა კონცენტრაციამ უკვე შეაფერხა ბანკების აქტიურობა, ხოლო ეროვნული ბანკის შეზღუდვების შესაძლო გადახედვა დამატებით საფრთხეებს აჩენს.
,,ეს არის ძალიან კონკრეტული ინვესტიცია ძალიან კონკრეტულ დარგში - უძრავი ქონების ბაზარში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ განვითარებულია და ძალიან მაღალი კონცენტრაციაა. იმდენად მაღალიც კია, რომ ბოლო 2 წელია კომერციულმა ბანკებმა დარგის დაფინანსება მაქსიმალურად შეზღუდეს. დიდი კონცენტრაციის გამო გარკვეული შეზღუდვები ეროვნულმა ბანკმაც დააწესა. სწორედ ეროვნული ბანკის დადასტურებული შეზღუდვებიდან გამომდინარე იმოქმედეს კომერციულმა ბანკებმა, ახლა კი ეროვნული ბანკი ამბობს, რომ შეზღუდვები გადაიხედება. რისკები არის ის, რომ როცა ხდება მაქსიმალურად ერთ დარგში მთელი რესურსის კონცენტრირება, პატარა წაბორძიკებაც კი დანარჩენ ეკონომიკაზე გადადის. შორს რომ არ წავიდეთ, 2007-2008 წლის გლობალური კრიზისი გავიხსენოთ. უძრავი ქონება არის დარგი, რომელზეც მყისიერად ხდება ეკონომიკური პროგრესისა და რეგრესის ასახვა. მეორე რისკია კონცენტრაცია ორ კონკრეტულ პროექტში, ორ გეოგრაფიაზე - თბილისსა და ბათუმზე ისედაც ჩვენს ფრაგმენტირებულ და სუპერკონცენტრირებულ ეკონომიკაში, რომელიც 70% დედაქალაქში იქმნება და რეგიონებზე არასწორად არის გადანაწილებული",- აღნიშნა ალავიძემ.
მისივე განმარტებით, მსგავსი „ბუსტები“ არა მხოლოდ იმპორტის ზრდას, არამედ მუშახელის დეფიციტისა და ცოდნის დაკარგვის პრობლემასაც გააღრმავებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეკონომიკა და ინვესტიციები კვლავ მხოლოდ თბილისსა და ბათუმზე კონცენტრირდება.
,,ასეთი ძლიერი ბუსტი გამოიწვევს იმპორტის ბუსტს, რადგან საჭირო პროდუქტებს, სერვისებს ადგილობრივი წარმოებით, რესურსებით ფიზიკურად ვერ დავაკმაყოფილებთ. შემდეგია კვალიფიკაციის რისკი. ძალიან სამწუხარო სტატისტიკა გვაქვს იმის, რომ კვალიფიციური მუშახელი გადის საქართველოდან, შესაბამისი მუშახელის არსებული მარაგი კი საკმარისი არ არის, რომ თუნდაც მიმდინარე პროექტებს მოემსახუროს. ვაკვირდებით, როგორ შენდება ჩვენი ინფრასტრუქტურა მთლიანად ჩინეთიდან ჩამოყვანილი მუშახელით, რომელიც ოდესღაც დაასრულებს ამ სამუშაოებს, დაბრუნდება უკან და ამხელა პროექტებიდან ცოდნა არ დაგვრჩება. ახლაც იგივე რისკი გვემუქრება, რომ როგორც ინვესტორმა განაცხადა, საჭირო გახდება საქართველოში მინიმუმ 30 ათასამდე კვალიფიციური მუშახელის შემოყვანას",- თქვა ნიკოლოზ ალავიძემ "კომერსანტის" ეთერში.