დაფუძნებიდან დღემდე ფონდის თანამონაწილეობით, $2 მლრდ-ის ღირებულების საინვესტიციო პროექტებია შექმნილი. ფონდის მონაწილეობა, კი ამ პროექტებში არის 264 აშშ დოლარი, - ამის შესახებ "საქართველოს განვითარების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, ფონდი აბსოლუტურად ლიკვიდურია და მათი აქტივების მოცულობა 360 მლნ ლარს აღემატება.

"მაგალითად, 2023 წელს, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მიერ დადასტურებულია, რომ ფონდის მოგება არის 27 მლნ ლარამდე, 2024 წელს, ასევე, ერთ-ერთი აუდიტორული კომპანიის მიერ დადასტურებულია, რომ ფონდის მოგება არის 36 მლნ ლარამდე, რაც შეეხება 2025 წელს - 2025 წლის აუდიტი დაიწყება და ადრეულ შემოდგომაზე გამოქვეყნდება შედეგები, თუმცა ჩვენი წინასწარი მონაცემებით, მოგება დაახლოებით, 27 მლნ ლარს შეადგენს. შესაბამისად, ციფრების მიმართულებით, ყველაფერი დადებითი და პოზიტიურია.

რაც შეეხება ფონდის აქტივებს - დღევანდელი მდგომარეობით, მათი მოცულობა 360 მლნ ლარს აღემატება. ფონდი აბსოლუტურად ლიკვიდურია. ფონდი არასდროს  ყოფილა სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებული. ამიტომ მისი დაფინანსების სტრუქტურა მთლიანად გამომდინარეობს არსებული პორტფელიდან, იმ შემოსულობებიდან, რომლის საშუალებასაც ჩვენ ერთობლივი პროექტები გვაძლევს და ასევე, წარმატებული გამოსვლა კონკრეტული ერთობლივი პროექტებიდან. ამიტომ, ჩვენი მთელი საინვესტიციო საქმიანობა თვითდაფინანსებადია ისევე, როგორც ფონდის საოპერაციო საქმიანობა. რაც შეეხება შვილობილი კომპანიების სტრუქტურას - დღეს ფონდში არის 2 ათეული შვილობილი კომპანია, რომლიდანაც გარკვეული ნაწილი აქტიურად ოპერირებს, მეორე ნაწილი კი შედარებით პასიურობს, თუმცა მათი გამოყენება ხდება საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობის თვალსაზრისით. ისინი არიან როგორც ინსტრუმენტები, განსაკუთრებით თუ ვლაპარაკობთ კაპიტალში მონაწილეობაზე.

მინდა ყურადღება გავამახვილო, რომ ფონდის საქმიანობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ე.წ. კაპიტალის მულტიპლიკატორი. ამიტომ, როდესაც განვითარების ინსტიტუტებზე ვსაუბრობთ მულტიპლიკატორი ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფუნქციაა. ჩვენს მიერ ინვესტირებულ თითოეულ ამერიკულ დოლარზე მოზიდულ იქნა 7 დოლარის და 70 ცენტის ოდენობის კერძო კაპიტალი", - აცხადებს ბესიკ ბუგიანიშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ ფონდს საქართველოში ყველაზე ფართო საინვესტიციო ინსტრუმენტების პალიტრა აქვს - მათ საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ კაპიტალში, აქვთ მრავალფეროვანი სესხების სისტემა და ასევე, აქვთ  სუბორდინირებული სესხები.

ცნობისთვის, "საქართველოს განვითარების ფონდი" (DFG) წარმოადგენს ერთადერთ სახელმწიფო საინვესტიციო ფონდს.  მისი საქმიანობა 2011 წლიდან „საპარტნიორო ფონდის“ სახელწოდებით  დაიწყო, 2023 წელს კი ფონდი რეფორმირდა, რის შემდეგაც, განახლებული სახელწოდებით, სტრატეგიითა და მიზნებით განაგრძობს  ფუნქციონირებას.

bp.ge