ჩვენთვის მთავარია, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპი შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ში განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საშუალო ზრდა არის ძალიან მაღალი, თითქმის ორნიშნა ამ 4 წლის განმავლობაში.
„წელსაც მაღალ ტემპს ვინარჩუნებთ, 7.9%. ჩვენთვის მთავარია, რომ ეს ტემპი არ დავაგდოთ. ეს არის მთავარი იმისათვის, რომ სიღარიბე დავძლიოთ, მოსახლეობის სოციალური დონე გავაუმჯობესოთ კიდევ უფრო მეტად, თუნდაც საგარეო პოლიტიკური პოზიციები გავიმყაროთ და ა.შ. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მომავალშიც ეკონომიკის განვითარებას. ამ კუთხით „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან წარმომადგენლობითი. ძალიან მაღალი რანგის, საინტერესო სტუმრები გვყავდა. ასევე დაემთხვა ამ ფორუმს Emaar-ის და Eagle Hills-ის ინვესტიციის პროცესის დაწყება უკვე ოფიციალურად და ახლო მომავალში დაიწყება მშენებლობის პროცესი. 6-დან 9 თვემდე პერიოდში უკვე უშუალოდ მშენებლობა დაიწყება. ეს ინვესტიციაც დამატებით წაახალისებს ეკონომიკის ზრდას. პერსპექტივები გვაქვს ძალიან კარგი. ასევე, ეკონომიკის მინისტრთან ერთად განვიხილავთ არაერთ ინიციატივას, რომელმაც უნდა დააჩქაროს ეკონომიკური ზრდის ტემპები. მთლიანად ეკონომიკური გუნდი არის ძალიან ძლიერი ჩვენს მთავრობაში. შესაბამისად, გვაქვს ყველანაირი საფუძველი, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი ეკონომიკის ზრდის ტემპებთან დაკავშირებით”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.