ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ საქართველოს კლიმატის და განვითარების ანგარიშის განხილვაში. ანგარიში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, შეეხო განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისებას და ენერგეტიკული გამოწვევების დაძლევას საქართველოში.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოს მთავრობის ამბიციური მიზანია 2036 წლისთვის საქართველოს ენერგეტიკის დადგმულმა სიმძლავრემ 11,500 მეგავატი შეადგინოს, რაც დღევანდელ მაჩვენებელზე 2,5-ჯერ მეტია. ინგა ფხალაძის თქმით, მთავრობამ გადახედა ენერგოგენერაციის პროექტების განვითარებასთან დაკავშირებულ ვადაგადაცილებულ მემორანდუმებს და სამშენებლო ნებართვებს და პოტენციურ ინვესტორებს შესთავაზა,
გააგრძელონ მუშაობა განახლებული ვადებითა და პირობითი საჯარიმო შეღავათებით, ან გაათავისუფლონ საპროექტო არეალები, რათა ახალმა ინვესტორებმა შეძლონ მუშაობის დაწყება. „ჩვენი მიზანია, ენერგეტიკული რესურსები განაწილდეს აქტიურ და სანდო დეველოპერებზე, რომლებიც შეძლებენ ინვესტიციების განხორციელებას და ქვეყნის დამატებითი ენერგეტიკული სიმძლავრეების განვითარებას,“ - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.
მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ელექტროენერგეტიკის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობასა და ადგილობრივი საკანონმდებლო ჩარჩოს ევროპულთან მაქსიმალურ ჰარმონიზებაზე.
რეგიონულ თანამშრომლობაზე საუბრისას, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა რეგიონული დაკავშირებადობის მნიშვნელობას. მან აქცენტი გააკეთა ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორებიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგიის დერეფანი. ინგა ფხალაძის თქმით, ამ პროექტების მეშვეობით მოხდება საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიკაცია და სისტემის საერთო მდგრადობის ზრდა.
„ჩვენთვის რეგიონული ინტეგრაცია მხოლოდ ვაჭრობას არ ეხება და მოიცავს უსაფრთხოებასაც. უფრო ურთიერთდაკავშირებული სისტემა უზრუნველყოფს მეტ მოქნილობას, დაბალანსების მეტ ვარიანტს და მაღალ საიმედოობას. ის ეროვნული ბაზრებს რეგიონულ შესაძლებლობათა პლატფორმებად აქცევს და ამავდროულად აძლიერებს მიწოდების უსაფრთხოებას. რეგიონული ინტეგრაცია აძლიერებს ბაზრებს, ხსნის გზას ინვესტიციებისკენ და უზრუნველყოფს სუფთა ენერგიის საიმედო მიწოდებას,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.