ჩინეთი მზად არის, გაზარდოს ქართული პროდუქციის იმპორტი და ხელი შეუწყოს ჩინური კომპანიების მიერ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას. ამის შესახებ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა ხან ჭენგმა საქართველო-ჩინეთის ბიზნესფორუმზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება, ფართოვდება საინვესტიციო თანამშრომლობაც. ამასთან, ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას ჩინეთის ბაზარზე პოზიციები უმტკიცდება, ხოლო ჩინური წარმოების, განსაკუთრებით კი ელექტრომობილების მიმართ, საქართველოში ინტერესი იზრდება.

ხან ჭენგის განცხადებით, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ. მან ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის აპრილში ქვეყნებმა შეთანხმების განახლების შესახებ ოქმს მოაწერეს ხელი, რაც სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს.

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებაზეც. მისი თქმით, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებამ თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები შექმნა.

ხან ჭენგის განცხადებით, ჩინეთისა და საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებებისა და საერთაშორისო ვაჭრობის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე.

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა ჩინეთის მზაობა, ხელი შეუწყოს სავაჭრო ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და საქართველოში მოქმედი ჩინური კომპანიების საქმიანობის გაფართოებას.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.