ანაკლიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2027 წლიდან არის დაგეგმილი. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მიწოდებული წერილიდან ირკვევა.

უწყების ცნობით, დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, რკინიგზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მომზადებული მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, ამ პროცესის ფარგლებში გათვალისწინებულია ჯამურად, 1 720 553 კვადრატული მეტრი ფართობის რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა.

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციითვე, 35 კილოვოლტიანი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონისთვის გათვალისწინებული მიწის ნაკვეთების სერვიტუტით დატვირთვა იგეგმება, რომელთა ჯამური ფართობი 74 824 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

როგორც დეპარტამენტიდან იუწყებიან, პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე უკვე გამოსყიდულია 365 მიწის ნაკვეთი და დარჩენილია 116 მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა.

ამასთან, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ „ბიზნესპრესნიუსთვის“ მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 30 მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მიმდინარეობს ექსპროპრიაციის პროცედურები.

უწყების მონაცემებითვე, პროექტის ფარგლებში მოქცეული უძრავი ქონების გამოსყიდვისა და სერვიტუტით დატვირთვის მიზნით უკვე დახარჯულია 28 მილიონ ლარზე მეტი.

რაც შეეხება მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით გათვალისწინებულ მთლიან ბიუჯეტს, გაუთვალისწინებელი ხარჯების ჩათვლით, ის 40 142 131 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, დეპარტამენტში ხაზს უსვამენ, რომ განსახლების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებზე არსებული აქტივების (შენობა-ნაგებობები, ხემცენარეები, ერთწლიანი კულტურები) საკომპენსაციო ღონისძიებებსაც.

წყარო: Bpn.ge