იმერეთის რეგიონში 100 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის „იმერეთი 1“-ის მშენებლობა იგეგმება. პროექტის დეველოპერია Infinite Energy LLC, რომელიც ჩინეთის მსხვილი სახელმწიფო ენერგეტიკული ჯგუფის, Sichuan Energy Development Group-ის, არაპირდაპირი 100%-იანი შვილობილი კომპანიაა.
როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (GSE) იუწყება, კომპანიის გენერალური დირექტორი დავით ვარდიაშვილი Infinite Energy LLC-ის გენერალურ დირექტორს, ლუო ჩაოს და საქართველოში ჩინეთის სავაჭრო და კომერციული პალატის დირექტორს, ლი რუის შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა იმერეთში 100 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა და მისი ქვეყნის ელექტროგადამცემ ქსელში ინტეგრირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა იყო.
პროექტი ითვალისწინებს ქარის ელექტროსადგურისა და ახალი 500 კვ ქვესადგურის მშენებლობას. აღსანიშნავია, რომ ქვესადგური მშენებლობის დასრულების შემდეგ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საკუთრებაში გადავა.
პროექტის განმახორციელებელი Infinite Energy LLC ჩინური სახელმწიფო ენერგეტიკული ჯგუფის, Sichuan Energy Development Group-ის, არაპირდაპირი 100%-იანი შვილობილი კომპანიაა. Sichuan Energy Development Group ჩინეთის სიჩუანის პროვინციის სახელმწიფო საინვესტიციო კორპორაციაა, რომელიც ენერგეტიკის სექტორში საქმიანობს. ჯგუფის მიმართულებები მოიცავს ჰიდროენერგეტიკას, ქარისა და მზის ენერგიას, წყალბადსა და ბუნებრივ აირს. კომპანიის ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის მარტის ბოლოს მისი აქტივების საერთო ღირებულება 428 მილიარდ იუანს შეადგენდა, რაც დაახლოებით 60 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. ჯგუფში დაახლოებით 38 000 ადამიანია დასაქმებული.