საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც 3 წლის წინ ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას, ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ძალზე დინამიურად განვითარდა. 

 

„მხოლოდ გასული 6 თვის განმავლობაში, ჩინეთში შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და 5 მინისტრის ვიზიტი. თითოეული ეს ვიზიტი კონკრეტულ შედეგებზე იყო ორიენტირებული. მთლიანობაში, 2023 წლის შემდეგ, გაფორმდა 14 უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის, ხოლო საბოლოო განხილვის ეტაპზეა 6 შეთანხმება;

 

2024 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 17%-ით, 2025 წელს 21%-ით, ხოლო 2026 წლის იანვარ-აპრილში - 45%-ით გაიზარდა.

 

დღეს ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის იკავებს მე-3 ადგილს საერთო ვაჭრობის მიხედვით და მე-2 ადგილს ქართული წარმოების ექსპორტის მიხედვით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.