"ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, 2020 წელი კოვიდპანდემიური შოკის მატარებელი იყო და მაშინ ყველგან დაფიქსირდა ეკონომიკური ვარდნა. 2021 და 2022 წელს ჩვენ გვქონდა ორნიშნა ზრდა, 2023 წელს კი გვქონდა 7.5%. ჩვენი მაჩვენებლები არის ყველაზე მაღალი არამხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირში," - ასე აფასებს საქართველოს ეკონომიკის პოსტპანდემიურ ზრდას ფინანსისტი გიორგი ცუცქირიძე. 

ექსპერტი "კომერსანტთან" საუბრისას ხაზს უსვამს, რომ იგივე პერიოდში, ევროკავშირის ეკონომიკური მონაცემები არათუ მაღალი, არამედ ძალიან დაბალი ეკონომიკური ზრდით გამოირჩევა.

"მაგალითად წელს, პროგნოზი არის საშუალოდ 1%-ზე ცოტა მეტი. 2023 წელს 1%-მდე იყო ზრდა, 2022 წელს ზრდა 1%-იც კი არ იყო და 0.5% შეადგინა. საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ, 3%-ზე, დაბალია, ევროკავშირში კი მაღალ მაჩვენებელზეა (6%-ზე მეტი). ეს ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი, თორემ ცალკეულ ქვეყნებში ინლფაცია 6%-იც არის 7%-ით და 9%-იც. შემდეგი ფაქტორი, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკური ზრდის გავლენასთან, არის უმუშევრობა. უმუშევრობის მაჩვენებელი, დღესაც კი ევროკავშირში, არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ბოლო ათწლეულში, დაახლოებით 6.5%. ჩვენ კი ისტორიულ მინიმუმზე ვართ ჩამოსულები, თან თუ გავითვალისიწნებთ იმას, რომ პანდემიის პერიოდში ძალიან მაღალი (22%-მდე) იყო მონაცემი ამ მიმართულებით. დღეს, დაახლოებით, 8%-იც არის შემცირებული უმუშევრობა აღნიშნულ პერიოდთან შედარებით. ბოლო სამი წლის მაჩვენებელი რომ ავიღოთ, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლები, მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, გვაქვს ყველაზე უფრო მაღალი, ვიდრე რეგიონის ქვეყნებს და პლუს ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს," - ეუბნება კომერსანტს ცუცქირიძე და დასძენს, რომ შარშანდელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მსგავსად, ქვეყანას წელსაც კარგი შედეგები ექნება.