აზიის განვითარების ბანკმა (ADB) წევრი ქვეყნების 2026 წლის ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზები გამოაქვეყნა. საქართველოს შემთხვევაში ბანკს მოლოდინი არ შეუცვლია - ქვეყნის ეკონომიკის 5.5%-იანი ზრდა კვლავ პროგნოზირებულია.
რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის კი პროგნოზები ნაწილობრივ დაკორექტირდა. კერძოდ, სომხეთის ეკონომიკური ზრდის მოლოდინი 5.5%-დან 5%-მდე შემცირდა, ხოლო თურქეთისთვის პროგნოზი 3.6%-დან 3.1%-მდე დაიწია. აზერბაიჯანის ეკონომიკური ზრდის შეფასება კი უცვლელად, 2%-ის დონეზე დარჩა.
ADB-ის განახლებული შეფასებით, საქართველოში ინფლაციის პროგნოზი გაიზარდა -ბანკმა აპრილში ნავარაუდევი 3.8%-იანი მაჩვენებელი 4.9%-მდე გაზარდა.
ჯამურად, აზიის განვითარების ბანკის წევრ ეკონომიკებში 2026 წელს საშუალოდ 4.9%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, რაც წინა, აპრილის პროგნოზთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ბანკი პროგნოზის შემცირებას ძირითადად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობასა და საწვავის ფასების ზრდის ფონზე გაძლიერებულ ინფლაციურ რისკებს უკავშირებს.
ADB-ის მსხვილი წევრი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მოლოდინებიც განსხვავებულად შეიცვალა. ინდოეთისთვის პროგნოზი 6.9%-დან 6.6%-მდე შემცირდა, ჩინეთის შემთხვევაში კი 4.6%-ზე უცვლელი დარჩა. ინდონეზიის ეკონომიკის ზრდა კვლავ 5.2%-ზეა შეფასებული, ხოლო ტაილანდისთვის პროგნოზი 1.8%-ის დონეზე შენარჩუნდა.
ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ყაზახეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.8%-ზე დარჩა, უზბეკეთისთვის კი 6.7%-იანი ზრდაა ნავარაუდევი. აზერბაიჯანის მსგავსად, ამ ქვეყნების შეფასებებიც წინა პროგნოზთან შედარებით უცვლელია.