მესტიის მუნიციპალიტეტში ახალი ქორწინების სახლის მშენებლობა დაიწყება, რომელიც სვანეთის ტრადიციულ არქიტექტურასა და თანამედროვე დიზაინს გააერთიანებს.

პროექტის განხორციელების დაწყებას საფუძველი სიმბოლური კაფსულის ჩაშვებით ჩაეყარა. ახალი სივრცე მესტიაში, რევაზ მარგიანის ქუჩაზე განთავსდება და ქორწინების რეგისტრაციის სერვისთან ერთად რევაზ მარგიანის სახელობის სახლ-მუზეუმსაც გააერთიანებს.

იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით: ქორწინების სახლის არქიტექტურული კონცეფცია შექმნილია ქართველი არქიტექტორის მიერ და გათვლილია სვანეთის უნიკალურ გარემოსთან ჰარმონიულ შერწყმაზე. პროექტმა უკვე მიიღო საერთაშორისო აღიარება -მისი კონცეფცია სხვადასხვა საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსზე გამარჯვებულად დასახელდა.

ახალი ობიექტის მიზანია რეგიონში სახელმწიფო სერვისების განვითარება და მესტიის ტურისტული პოტენციალის გაძლიერება. ქორწინების რეგისტრაციის მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

პროექტი მესტიას დამატებით კულტურულ და ტურისტულ ფუნქციას შესძენს და რეგიონში თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნას შეუწყობს ხელს,- ნათქვამია იუსტიციის სახლის განცხადებაში.